შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის შესახებ ისაუბრა 
შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის შესახებ ისაუბრა 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერზე ისაუბრა.

როგორც ბორცვაძემ აღნიშნა, მას შემდგომ, რაც მცხეთაში, ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, იაკობ ბრეგვაძე ტოვებს შემთხვევის ადგილს, გაურბის საფრთხეს. მას შემდგომ, რაც მასზე თავდასხმა განხორციელდა, იმალება ერთ-ერთ შენობაში. ამის შემდეგ მისი კუთვნილი ტელეფონით აკეთებს შეტყობინებას 112-ში და ეუბნება, რომ აქვს ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებას, ჩხუბობს დაახლოებით 10 ადამიანი და იძახებს პოლიციას.

„ამავე შეტყობინებისას იაკობ ბრეგვაძე ვერ ასახელებს ზუსტ ლოკაციას. ოპერატორს განუმარტავს, რომ იმყოფება მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე და ასევე უსახელებს ერთ-ერთი გაუქმებული ობიექტის სახელწოდებას. ოპერატორი ცდილობს, დააზუსტოს შეტყობინება და ავტომატურ რეჟიმში აგზავნის შეტყობინებას საპატრულო პოლიციის სამორიგეოში. ამავდროულად, პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ იაკობ ბრეგვაძის ადგილის დადგენას. გადიან სავარაუდო მიმართულებაზე და ამავდროულად სამორიგეოდან უკავშირდებიან იაკობ ბრეგვაძეს, ადგილმდებარეობის დაზუსტების მიზნით. ეკიპაჟები ვერ პოულობენ ლოკაციას და იძულებული ხდება ოპერატორი, ხელმეორედ დაუკავშირდეს ბრეგვაძეს და დააზუსტოს მისამართი. მეორე ზარი 112-ის ოპერატორის მიერ განხორციელდა. სწორედ ამ დროს იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს ეუბნება, რომ იგი იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაგვის ხიდებთან, მაგრამ ამავდროულად უმარტავს ოპერატორს, რომ ჩხუბი დასრულებულია, ყველა წავიდა და გააუქმონ შეტყობინება. მიუხედავად ამისა, 112-ის ოპერატორი აზუსტებინებს ლოკაციას და საპატრულო ეკიპაჟი განაგრძობს ბრეგვაძის ძებნას. ეკიპაჟი პოულობს იაკობ ბრეგვაძეს. ის განუმარტავს ეკიპაჟს, რომ ადგილი ქონდა დაპირისპირებას, დაპირისპირებული პირები უკვე წავიდნენ, იგი თბილისის მიმართულებით მიემართება ავტოსტოპით და საპატრულო ეკიპაჟს სთხოვს, თბილისამდე წაყვანას. ეკიპაჟი უსვამს გარკვეულ კითხვებს და ეს გენერალური ინსპექციის გასარკვევია. ამის შემდეგ ბრეგვაძეს სვამენ მანქანაში და მიჰყავთ თბილისში. აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე აღმოაჩნა მას შემდეგ, რაც შეტყობინება უკვე გაუქმებულია“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი გაავრცელა.