ვლადიმერ ბორცვაძე - ჩვენ არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას, ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ
ვლადიმერ ბორცვაძე - ჩვენ არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას, ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა, მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

„უწყების თითოეული თანამშრომელი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ ამოცანას და მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას ახდენს თითოეულ ინციდენტზე. ჩვენ არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე“, – აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, მზაობას გამოთქვამენ, ითანამშრომონ ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესში დემოკრატიის მაღალი ხარისხის დაცვას.

„მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული სამართალდამრღვევი პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს.