ვლადიმერ ბოჟაძე - ყველა ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც თავს ესხმოდა პოლიციელებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, ნიღბებით იყვნენ აღჭურვილი და ეს ურთულებს პოლიციას მუშაობას
ევროპული პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში გამორიცხავს ასეთი აქციების დროს ნიღბების გამოყენებას და ეს დაადასტურა ამ დღეებმაც. ყველა ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც თავს ესხმოდა პოლიციელებსაც, ჟურნალისტებსაც, მოქალაქეებსაც, სწორედ ნიღბებით იყვნენ აღჭურვილები და ეს ურთულებს პოლიციას მუშაობას. ამიტომ, პრემიერის ინიციატივით, მომავალ კვირაში პარლამენტში ვიმსჯელებთ ამ საკითხზე დაჩქარებული წესით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „რადიკალური ჯგუფები შეგნებულად არიან კარგად აღჭურვილი, ეკიპირებული, მათ შორის, ნიღბებით, სხვა დამცავი საშუალებებით, რათა გართულდეს მათი იდენტიფიცირება“.
„მივიღებთ შესაბამის კანონმდებლობას, რისი მიზანიც იქნება, რომ ყველას ჰქონდეს აქციაზე მისვლის, გაპროტესტების, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება, თუმცა ნიღბები იყოს აკრძალული, რათა ნებისმიერი მოძალადე, რომლის მხრიდანაც არ უნდა იყოს და ვისზეც არ უნდა ძალადობდეს, იყოს იდენტიფიცირებული. იგივე გუშინდელი ფაქტი, ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით შსს-ს განცხადებას, თუმცა ბევრი მოძალადის იდენტიფიცირება რთულდება, რადგან ისინი შეგნებულად არიან კარგად აღჭურვილი, ეკიპირებული, მათ შორის, ნიღბებით, სხვა დამცავი საშუალებებით, რომ გართულდეს მათი იდენტიფიცირება. რადიკალური ჯგუფები იმიტომაც იქცევიან ასე თამამად, ასე თავხედურად, აქვთ განცდა, რომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება. ამიტომ ჩვენ ევროპულ სტანდარტს დავუახლოებთ, მათ შორის, ამ კანონმდებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაუსჯელი არავინ დარჩეს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.