ვლადიმერ ბოჟაძე - ვახტანგ გომელაურს ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის მადლობას ვუხდი, ის პოლიტსაბჭოს წევრია და პოლიტიკური გუნდის წევრად დარჩება
ვახტანგ გომელაურს ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის მადლობას ვუხდი. ის პოლიტსაბჭოს წევრია და პოლიტიკური გუნდის წევრად დარჩება. ის რეფორმები, რომლებიც შს სამინისტროში გატარდა და სრულიად განსხვავებული შს სამინისტრო გვაქვს, მისი დამსახურებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაცია, თითქოს ბაჩიაშვილის გამო მიდიან თანამდებობებიდან, სიმართლე არ არის“.
„ბაჩიაშვილის მაგალითი ყველასთვის უნდა იყოს, ვინც ქართულ მართლმსაჯულებას გაექცა. ადეიშვილებს, კოდუებს, ახალაიებს უნდა ესმოდეთ, რომ დრო აუცილებლად დადგება, როცა მათ სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევთ. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ბაჩიაშვილის გამო მიდიან თანამდებობებიდან, ეს ასე არ არის. ოპერაცია დაგეგმა და ჩაატარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ბაჩიაშვილი იმის მაგალითია, რომ ადრე თუ გვიან ყველა სასამართლოს წინაშე წარდგება. არ მგონია, ბაჩიაშვილი ის ფიგურა იყოს, ვის გამოც ვინმე თანამდებობიდან უნდა გავათავისუფლოთ. მისი გაპარვა უსიამოვნო ფაქტი იყო, მაგრამ ვინც ამაში მონაწილეობდა, მის მიმართ პასუხისმგებლობა დადგა. ადამიანების დანიშვნა და გათავისუფლება ვინმეს დაჭერას არ უკავშირდება“, – განაცხადა ბოჟაძემ.