ვლადიმერ ბოჟაძე – სიძულვილის ენის მიმართ ყველაზე ლიბერალურია კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მთავარია, მოქალაქეებს აქვთ ბერკეტი, დაიცვან თავი, უნდა იცოდნენ, რომ დასჯადია შეურაცხყოფა, ლანძღვა, გინება
ზოგადად, სიძულვილის ენის მიმართ არაერთი ქვეყნის კანონმდებლობა არსებობს და ყველაზე ლიბერალურია სწორედ ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
„მივიღეთ, რადგან წინ გვქონდა, მათ შორის, ევროპული მაგალითები და ყველაზე მთავარი, თავად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა. რადიკალური პოზიციის წარმომადგენლებს როცა სჭირდებათ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები მათთვის მისაღები და სამაგალითოა, როცა არ მოსწონთ, უკვე სტრასბურგის გაკრიტიკებასაც კი ბედავენ. ამაზე მაღალი სტანდარტი, რასაც ჰქვია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო და მათი გადაწყვეტილებები, ევროპაში არ არსებობს. ყველაზე მთავარი, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების რეკომენდაცია იყო, კანონმდებლობასთან ერთად გაგვეთვალისწინებინა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა“, – განაცხადა ბოჟაძემ.
მისი თქმით, საუბარია 500-დან 3 000 ლარამდე ჯარიმაზე, ან საზოგადოებრივ შრომაზე, რასაც სასამართლო გადაწყვეტს და არა აღმასრულებელი ხელისუფლება.
„შეიძლება, სასამართლომ ძალიან მკაცრ შემთხვევებში გამოიყენოს ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღემდე. აღარ ვსაუბრობ ბრიტანეთში ჯარიმების ოდენობაზე, ათასობით და ათი ათასობით ევრო, თუ ფუნტი სტერლინგი, რომლის პრაქტიკაც უკვე არა ერთხელ გამოიყენეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როცა სამ წლამდე პატიმრობით შეიძლება, დაისაჯოს ადამიანი იმისთვის, რომ მისი პოსტი, თუ საზოგადოებრივი განცხადება აღვივებს სიძულვილის ენას, ეს შეიძლება, იყოს შუღლი ეთნიკური, რელიგიური და ბევრი სხვა“, – განაცხადა ბოჟაძემ.
როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, როცა ხელისუფლება ამ კანონმდებლობას იღებდა, მათ შორის, გულისხმობდა იმას, როგორმე შეემცირებინა საზოგადოებაში პოლარიზება.
„სამწუხაროა, რომ, მათ შორის, იგივე ევრობიუროკრატია და სხვა ევროპელი ჩინოსნები უფრო მეტად ცდილობენ, ასე ვთქვათ, მუდმივად ტონუსში ამყოფონ რადიკალური ოპოზიცია გარედან მხარდაჭერით საიმისოდ, რომ ქვეყანაში კი არ შემცირდეს პოლარიზება, პირიქით, გაიზარდოს, პოლიტიკური პროცესები იყოს არა პარლამენტში და საკრებულოში, არამედ ქუჩაში. როგორც ჩანს, ეს არის ამოცანა მათი უცხოელი დაკვეთების“, – განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოება ხედავს, რომ ეს კანონი უკვე მუშაობს.
„შესაბამისი სამსახური შეიქმნა და ფაქტობრივად, ერთი თვის ანალიზს თუ გავაკეთებთ, დაახლოებით, 170-მდე საქმე შეარჩია, 150 უკვე, როგორც მტკიცებულებები, გადაგზავნილია სასამართლოში, თუ სწორად მახსოვს, 35-ზე უკვე სასამართლო გადაწყვეტილებებიც არის დამდგარი. დანარჩენი სასამართლო განხილვის პროცესშია. მთავარია, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული დეპარტამენტი, მოქალაქეებს აქვთ ბერკეტი, დაიცვან საკუთარი თავი სიძულვილის ენისგან, ჰქონდეთ თავდაცვის გარკვეული მექანიზმი. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ შეურაცხყოფა, ლანძღვა, გინება, რომელიც სამწუხაროდ, არა ერთი გვინახავს და წაგვიკითხავს სოციალურ ქსელებში, არის დასჯადი. ადამიანის უფლებების დაცვაზე როცა ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ესეც სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის დამკვიდრებაა, მაღალი ევროპული სტანდარტის, რადგან საზოგადოება იყოს დაცული ასეთი მავნე გავლენებისგან“, – განაცხადა ბოჟაძემ.