ვლადიმერ ბორცვაძე - ღამის კლუბებში, კანონის სრული დაცვით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და არა სპეცოპერაცია
ვლადიმერ ბორცვაძე - ღამის კლუბებში, კანონის სრული დაცვით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და არა სპეცოპერაცია

კლუბებში საგამოძიებო მოქმედება, ჩხრეკა ჩატარდა და არა სპეცოპერაცია, რაც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ყოველგვარი პროცედურების დარღვევის გარეშე ჩატარდა, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ კლუბებში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ხდებოდა.

„ჩვენთან მოთანამშრომლე ობიექტმა ნარკოტიკული საშუალების შესაძენად თანხა კლუბის მიმდებარედ გადასცა ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც კლუბში შევიდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან დაბრუნდა, ნარკოტიკული საშუალება მოგვიტანა, გადმოგვცა და თანხის ნაწილი, ე.წ. ხურდა დაგვიბრუნა, რაც პირდაპირ მიუთითებს და ადასტურებს ფაქტს, რომ ამ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ხდებოდა“, – განაცხადა ბორცვაძემ.

როგორც ბოცვაძემ აღნიშნა, ამ გარემოებას ისიც ემატება, რომ როგორც ბოლო პერიოდის სამი კვირის ანალიზმა აჩვენა, კლუბებიდან სასწრაფო დახმარების გამოძახების ფაქტები გახშირდა, რაც, ძირითადად, ნარკოტიკულ ინტოქსიკაციასთან იყო დაკავშირებული.

„ამ კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ძირითადი საფუძვლები ეს იყო“, – განაცხადა ბორცვაძემ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალებები ორივე კლუბიდან, დაახლოებით 34 ლოკაციიდან იქნა ამოღებული და ნივთიერებებთან დაკავშირებით შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზაა დანიშნული, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.