ვლადიმერ ​კონსტანტინიდი - ირანთან დაკავშირებით არარაციონალური შიშები გადამეტებულია
ვლადიმერ ​კონსტანტინიდი - ირანთან დაკავშირებით არარაციონალური შიშები გადამეტებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ვლადიმერ ​კონსტანტინიდი ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებას ეხმაურება, რომელიც 205 წლის წინ ირანის იმპერიიდან კავკასიის გამოყოფას ეხებოდა და ამბობს, რომ კონკრეტულად საქართველო პრეზიდენტს არ უხსენებია.

საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, დასაზუსტებელია, რა კონტექსტში იყო ნათქვამი ირანის პრეზიდენტის ციტატა.

„ჩვენი რჩევა იქნება, გადამოწმდეს პირველწყარო, რამდენადაც იქ ციტირებას სხვა ფორმულირება ჰქონდა. კონკრეტულად საქართველო პრეზიდენტს არ უხსენებია, არამე საუბარი იყო ჩრდილოეთ კავკასიაზე. ეს ისტორიული წიაღსვლა, ციტატა რა კონტექსტში იყო მოხსენიებული, ესეც გასათვალისწინებელია. აქ არ იყო საუბარი იმ კონტექსტში, რა კონტექსტითაც შემდეგ რამდენიმე საინფორმაციო წყარომ გაავრცელა. საუბარი იყო ისტორიულ მაგალითზე. მოგეხსენებათ, ირანი იყო ძალიან დიდი სახელმწიფო, უზარმაზარი იმპერია, ჰქონდა გავლენა ბევრ სახელმწიფოზე, მათ შორის რეგიონის მეზობელ სახელმწიფოებზე, ამიტომ ვფიქრობ დასაზუსტებელია. ციტირება სხვაგვარად იყო აშკარად“, – აღნიშნავს საგარეო უწყების პრესსპიკერი.

კონსტანტინიდი რანის პრეზიდენტის განცხადებაში რაიმე საფრთხეს ან მინიშნებას ვერ ხედავს.

„კარგად იცით ჩვენი ურთიერთობა ირანთან, როგორც რეგიონის მეზობელთან და პარტნიორთან, რომელიც ძალიან მაღალ ნიშნულზეა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია ირანელ კოლეგებთან, მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით, ამიტომ ვფიქრობ, რაიმე სახის არარაციონალური შიშები არის გადამეტებული”-აცხადებს კონსტანტინიდი.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ 11 თებერვალს თეირანში, ისლამური რევოლუციის 40 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 205 წლის წინ, ყაჯართა ​მეფეების მოღალატეობრივი დინასტიის დროს, ირანის ჩრდილოეთის ძირითადი ნაწილი და კავკასია ირანს გამოეყო.