დავით უსუფაშვილი - ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საჰაერო სივრცის დაკეტვა არაა სწორი სომხეთის გამო, მაგრამ ხომ შეიძლება, ვიფიქროთ სანქციებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების თემასთან დაკავშირებით
დავით უსუფაშვილი - ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საჰაერო სივრცის დაკეტვა არაა სწორი სომხეთის გამო, მაგრამ ხომ შეიძლება, ვიფიქროთ სანქციებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების თემასთან დაკავშირებით

მე ვიხდი ჩემი კოლეგა ბატონი ყაველაშვილის ნაცვლად ბოდიშს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყოთ იმით, რომლითაც დიდი იმედი მქონდა, რომ უმრავლესობის ლიდერი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე დაიწყებდა თავის გამოსვლებს. რა ვქნა, ვერ ვკარგავ ხოლმე იმედებს და არც დავკარგავ არასოდეს ცხოვრებაში. ვიტყვი იმას, რაც მათ უნდა ეთქვათ თითოეული მოქალაქისთვის, ყოველი დედისთვის, ბავშვისთვის. ვინც მოისმინა ამ დარბაზში გაჟღერებული სიტყვები, ბოდიშს მოიხდიდა. მე ვიხდი ჩემი კოლეგა ბატონი ყაველაშვილის ნაცვლად ბოდიშს, ვინც შეურაცხყოფილია ადამიანურად და ვინც შეურაცხყოფილია ინსტიტუციურად. ვისაც ამის ვალი გქონდათ, ამის ნაცვლად აგრძელებთ და პრაქტიკულად უერთდებით ამ ყველაფერს, რაც უფრო უხეში, უწმაწური სიტყვები იქნება ნათქვამი, ვინც უფრო მეტად გვიწოდებს არსებას, მარაზმატიკს, ტაში უფრო მქუხარე იქნება. ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ ახლა აქ ჩვენ პერსონალური ანგარიშსწორებისთვის არ ვართ მოსული. არც ბატონი თავმჯდომარის კაბინეტში ვიყავით შესული რამე პერსონალურ ვიწროპოლიტიკურისთვის, როდესაც საგანგებო სხდომის თაობაზე, შეთანხმებული ტექსტით, შეთანხმებული სცენარით, შეთანხმებული დროშით, შეთანხმებული დროით, ერთიანობის დემონსტრირების ჩვენებისთვის გვინდოდა ამის გაკეთება. ამის ნაცვლად მივიღეთ ჩაკეტილი კარი. დიახ, მე ვადასტურებ იმ უბინძურეს კამპანიას, რაც მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მაგრამ ვადასტურებ იმასაც, რომ ამის მწარმოებელი მთავარი პირი არის პრემიერ-მინისტრი, რადგან მისი ყოველი გამოსვლა არის ეს კამპანია. რატომ? რადგან ეს ყველაფერი მიმართულია იმ ვიწრო ჯგუფის მიმართ, ვისაც სიამოვნებს ამის მოსმენა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ქვეყანა დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროს საქმით ემიჯნება.

„რით ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას? დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს იმედად ვარსებობთ ხომ? და როდესაც დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროს იმ დონეზე ვემიჯნებით საქმით, როგორც მოვახერხეთ გამიჯვნა და დიახ, ეს არის პრემიერის რიტორიკა ყოველდღიური, რისი იმედი გვაქვს ჩვენ ხვალ. სახელმწიფოებრივი ინტერესი ხომ ისაა, რომ საქართველო გაძლიერდეს. დღეს, როდესაც უპრეცედენტო ერთიანობაა დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს და არა მხოლოდ პოლიტიკური სამყაროს, „ფიფა“, „უეფა“, ოპერები, ყველა არიან ერთი მიმართულებით მობილიზებული, ხომ შეიძლება, ჩვენც გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები. ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ საჰაერო სივრცეს დაკეტვა არაა სწორი სომხეთის გამო, მაგრამ ხომ შეიძლება, ვიფიქროთ სანქციებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე ჩვენი ოკუპირებულ ტერიტორიების თემასთან დაკავშირებით. ხომ შეიძლება, ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის მიმართ, მათი ამღიარებლების მიმართ გავაკეთოთ სანქციები, აქეთ გადავდგათ ნაბიჯები, რომ ჩვენც შეგვიძლია სანქციები. ეს არ ანგრევს ეკონომიკას, ეს არ არის სახიფათო, უბრალოდ, ჩვენ აქეთ უნდა მოვიმართოთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, დავით უსუფაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზეც ისაუბრა.

„სიტყვები ძალიან კარგია, გასაგებია, მაგრამ ბატონო თავმჯდომარე, იქნებ, ამ სუპერ დაპირისპირების და მისი გაღვივების ფონის ნაცვლად, ჩვენ ახლა ერთობლივ საპარლამენტო დელეგაციაზე ვფიქრობდეთ, სადაც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთად ჩავალთ ბრიუსელში, იქ ვიქნებით. ამ წუთში ჩვენი საკითხის განხილვას არავინ აპირებს, მაგრამ ფიზიკურად იქ ვიქნებით, რომ პრეზიდენტისთვის აქედან მიგვემართა პარლამენტის საერთო რეზოლუციით, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ჩვენი უპირობო მხარდაჭერა ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულების მცდელობაში. ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ, რადგან მართლა უბედური ვითარებაა, მაგრამ ამ ვითარებას ახლავს შანსები და ეს შანსები მხოლოდ ერთად ყოფნით იქნება გამოყენებული და არა ერთმანეთზე აყოლით, შეჯიბრით, ვინ უფრო მაგრად შეიგინება “, – განაცხადა უსუფაშვილმა.