„ვიზეარის“ მიერ ქუთაისიდან 12 ახალი მიმართულებით ფრენის დამატების ვადამ გადაიწია
„ვიზეარის“ მიერ ქუთაისიდან 12 ახალი მიმართულებით ფრენის დამატების ვადამ გადაიწია

ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალი მიმართულების დამატების ვადამ გადაიწია. ამის შესახებ კომპანია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისის რიგით მე-4 და მე-5 ბაზირებული ავიახომალდები აეროპორტს 2020 წლის ივლისიდან და დეკემბრიდან მოემსახურება.

ვიზეარმა“ რამდენიმე ხნის წინ ქუთაისის ბაზაზე ორი ახალი Airbus A320 ავიახომალდისა და 12 ახალი მიმართულების დამატება დააანონსა – ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგში, ჰერაკლიონში, კარლსრუე /ბადენ ბადენში, ნეაპოლში, ნიცაში, ნიურნბერგში, პიზაში, პოზნანში, სტოკჰოლმში, ტურკუსა და ვენეციაში.

კომპანია აცხადებს, რომ ავიაკომპანიისთვის ავიახომალდების მიწოდების ქსელში მოულოდნელმა შეფერხებამ რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან დანიშნულ ახალ ავიარეისებზე მოახდინა გავლენა. 2019 წლის ივნისში დაანონსებული მე-4 და მე-5 ბაზირებული ავიახომალდები აეროპორტს 2020 წლის ივლისიდან და დეკემბრიდან მოემსახურება, შესაბამისად, 12 ახალი მარშრუტის ამოქმედებაც შედარებით გვიან მოხდება.

ამასთან, მგზავრებს, რომლებმაც საჰაერო ხომალდების განაწილებამდე უკვე შეიძინეს ბილეთები რომელიმე ხსენებული 12 მიმართულებით, ეცნობებათ ცვლილებების შესახებ. მგზავრებს შეეთავაზებათ ბილეთის ცვლილება (აირჩიონ იგივე მარშრუტი, მაგრამ მოგვიანებით ან რომელიმე სხვა მიმართულება), ბილეთში გადახდილი თანხის 100 პროცენტი დაბრუნება ან ბილეთის საფასურის 120 პროცენტის დაბრუნება მგზავრის WIZZ ანგარიშზე.

ავიაკომპანია Wizz Air ბოდიშს უხდის დაზარალებულ მგზავრებს აღნიშნული ფაქტით შექმნილი უხერხულობის გამო.

ამასთან, მგზავრები, რომლებმაც დაჯავშნეს ბილეთები ონლაინ ტურისტული სააგენტოების მეშვეობით და არა wizzair.com-ით, უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ პარტნიორ სააგენტოს. მგზავრები, რომლებიც დარეკავენ საქართველოდან გრაფიკის შეცვლასთან დაკავშირებით, უნდა დაუკავშირდნენ „ვიზეარის“ სერვისცენტრს ნომერზე: +995 706 777 037.

ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. ახალი მიმართულებების დამატება კი, მიმდინარე წლის ბოლოს და მომავალი წლის ივლისში იგეგმებოდა.

ამასთან, ცვლილება არ შეეხება ფრენებს, რომელთა დაწყება სექტემბერში იგეგმება – ტალინის, ბარის, კოპენჰაგენის, ეინდჰოვენის, ბაზელის და ბრიუსელის მიმართულებით.

დატოვე კომენტარი