„ვიზეარი“ გაუქმებული რეისების მგზავრებს ბილეთის გადაცვლას ან თანხის დაბრუნებას სთავაზობს
„ვიზეარი“ გაუქმებული რეისების მგზავრებს ბილეთის გადაცვლას ან თანხის დაბრუნებას სთავაზობს

მგზავრები, რომლებსაც რეისების ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ შეტყობინებას და შესაძლებლობა ექნებათ, ბილეთები გამგზავრების თარიღამდე მინიმუმ 14 დღით ადრე სხვა ალტერნატიული მიმართულებით გადაცვალონ, – ამის შესახებ ავიაკომპანია „ვიზეარის“ (Wizz Air) განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, მგზავრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, დაიბრუნონ გადახდილი თანხა ან ღირებულების 120 პროცენტი „ვიზ კრედიტზე“ დაირიცხონ.

„Wizz Air, ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა. 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება.

მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და შესაძლებლობა ექნებათ, ბილეთები გამგზავრების თარიღამდე მინიმუმ 14 დღით ადრე სხვა ალტერნატიული მიმართულებით გადაცვალონ. მგზავრები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში ჰქონდათ ნაყიდი ავიაბილეთები wizzair.com-ზე ან ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციაში, მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ავიაკომპანია მათ თანხის სრულად დაბრუნებას ან ღირებულების 120%-ის Wizz კრედიტზე დაბრუნებას სთავაზობს“, – აცხადებენ „ვიზეარში“.

დღეს ცნობილი გახდა, „ვიზეარმა“ იტალიის მიმართულებით ფრენები შეამცირა, მათ შორის, რეისები ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით.