„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები კრიტიკული ნამდვილად არ არის, აქვს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება და პერიოდულად კოორდინაციის დარღვევაც 
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები კრიტიკული ნამდვილად არ არის, აქვს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება და პერიოდულად კოორდინაციის დარღვევაც 

ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები კრიტიკული ნამდვილად არ არის.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, ყველაფერი კეთდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდეს.

„მე არ ვიცი, ვის რა ინფორმაცია აქვს, განსაკუთრებით დამძიმება რას ნიშნავს? არ არის არაფერი განსაკუთრებული. ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ არის ისეთი, როგორიც იყო წინა დღეებში. არის მომატებული სტრესული მდგომარეობა, მაგრამ საერთოდ, მისი მდგომარეობის შესახებ ჩვენ სრული ინფორმაცია გვაქვს მიწოდებული და ვაწვდით პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს. შეგიძლიათ, მიმართოთ სამედიცინო დეპარტამენტს და მიიღოთ სრული ინფორმაცია. მისი სასიცოცხლო პარამეტრები კრიტიკული ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს გადაადგილების პრობლემა, „ვივამედის“ დირექტორი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება ნახევრადმწოლიარე მდგომარეობაში.

„ზოგადი სისუსტე აქვს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის გადაადგილების პრობლემაც, აქვს თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება და აქვს პერიოდულად კოორდინაციის დარღვევაც, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია შეგიძლიათ, მიიღოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტში, სადაც ზუსტად არის აღწერილი მისი მდგომარეობა. ვერ გეტყვით, სამომავლოდ რა და როგორ იქნება, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდეს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.