„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს

მიხეილ სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მკურნალობის პროცესი რთულია და ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც. ჩხაიძის განცხადებით, პაციენტს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გაუმჯობესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კითხვაზე, რომ ვრცელდება ინფორმაცია სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჩხაიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია ან ვინ ავრცელებს. მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია. შესაბამისად, გრძელდება მკურნალობა მისი დაავადებიდან გამომდინარე. შემიძლია გითხრათ, რომ წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, იყო წნევის უმნიშვნელო ცვალებადობა. რაც შეეხება საკვებს, დაავადებიდან გამომდინარე, პაციენტს უკეთდება ყველა სამკურნალო საშუალება, რაც დღეისთვის გამოიყენება, მაგრამ მოგეხსენებათ, მკურნალობა რთული პროცესია, ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც. ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა იკვებოს სრულფასოვნად. უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ამასთან, კითხვაზე, – შესაძლებელია თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა დასჭირდეს? – „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა:

„რატომ ველოდებით უარესს? გითხარით, რომ მისი მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ გრძელდება მკურნალობა. შესაბამისად, უკეთდება ყველაფერი. კიდევ გეუბნებით, ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც. ეს რთული პროცესია და პაციენტი უნდა იკვებებოდეს სრულფასოვნად. მკაფიოდ გეუბნებით, რომ კლინიკა აკეთებს ყველაფერს, რაც გასაკეთებელია, მაგრამ სამკურნალო პროცესში არის როგორც სამკურნალო ასპექტი, ასევე ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც. პაციენტს უნდა ჰქონდეს სურვილი, გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა. თქვენ როცა ავად ხართ, ხომ ცდილობთ, გაიუმჯობესოთ მდგომარეობა, ასე უნდა იყოს ყველა პაციენტი. ნებისმიერი პაციენტი მნიშვნელოვანია კლინიკისთვის, ნებისმიერი პაციენტის მკურნალობასა და მკურნალობის გამოსავალზე კლინიკა პასუხისმგებელია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, – იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საკვებს არ იღებს, ხომ შესაძლებელია, გადასხმები გაუკეთდეს? – „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, პაციენტი ზონდით კვების მეთოდზე გადაიყვანონ.

„ასე თუ გაგრძელდა, რა თქმა უნდა, შეიძლება, ზონდით კვებაზე გადავიყვანოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაბორატორიული მონაცემები არ იძლევა იმის საშუალებას, გამოყენებული იქნეს ხელოვნური ზონდით კვება, ნაზოგასტრალური ზონდის გამოყენების აუცილებლობა არ არის. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა – შერჩევითი კვება შერჩევით დღეებში, შერჩევით პერიოდში, მაშინ იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ ზონდით კვებაც. რეანიმაცია გვაქვს 25 საწოლზე, ყველაფრით უზრუნველყოფილი, მაგრამ პაციენტის პარამეტრები არ შეესაბამება სარეანიმაციო პარამეტრებს. ანუ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები, არტერიული წნევის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არ არის სარეანიმაციო. შესაბამისად, არ უტარდება რეანიმაცია. თუ კვების მიღებას არ გააგრძელებს, მაშინ ეს იქნება ერთ-ერთი მეთოდი“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.