„ვივამედის“ დირექტორი - სააკაშვილის ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის, გვიცხადებს ნდობას და არ გამოთქვამს უკმაყოფილებას მკურნალობის, კვლევების ტაქტიკაზე
„ვივამედის“ დირექტორი - სააკაშვილის ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის, გვიცხადებს ნდობას და არ გამოთქვამს უკმაყოფილებას მკურნალობის, კვლევების ტაქტიკაზე

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაში რჩება და კვლევები უტარდება. მისივე თქმით, ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის.

როგორც ნინო ნადირაძე ამბობს, სააკაშვილის ნებართვის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატს დღემდე ჩატარებული კვლევის შედეგები გადაუგზავნეს და მომავალშიც ამ პრინციპით მოიქცევიან.

ამასთან, ნინო ნადირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკას სრულ ნდობას უცხადებს.

„ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული ნამდვილად არ არის. თავად პაციენტთან ყოველთვის შეთანხმებული მაქვს ნებისმიერი კვლევა, რის ჩატარებასაც ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ბატონ მიხეილს ამაზე მისდის შეტყობინება, პირადი ექიმიც ეუბნება, მეც ვაფრთხილებ. ის გვაძლევს ნებართვას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამა თუ იმ კვლევის ჩატარება. მისი ნებართვის გარეშე არაფერი ხდება. პირად საუბრებშიც და ისედაც გვიცხადებს სრულ ნდობას. მწყინს ხოლმე, როდესაც მესმის სულ სხვა შეფასებები. ბატონი მიხეილი თერაპიულ განყოფილებაში აგრძელებს დაკვირვების ქვეშ ყოფნას. დღესაც გვყავდნენ სპეციალისტები, მოწვეული გვყავდა ფსიქიატრთა ჯგუფი, გაუკეთდა კიდევ სხვა ინსტრუმენტული კვლევები. გუშინ ჩაუტარდა სრული კომპიუტერული ტომოგრაფია. რაც შეეხება მოარულ თემებს, რომ არ ასაჯაროებენ, არ ამბობენ, მესმის, თქვენ გჭირდებათ ნიუსი, მაგრამ საქმე ეხება პაციენტის ჯანმრთელობას. ეს არ არის საჭორაო და საჯაროდ გასარჩევი თემა. სახალხო დამცველის აპარატიდან იყვნენ წარმომადგენლები, წარმომიდგინეს ბატონი მიხეილის დასტური, რომ თანახმაა, გავცეთ მისი ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები. ჩვენ მათ გადავუგზავნეთ ყველაფერი, რაც მოგვთხოვეს – ის, რაც გუშინდელი დღის ჩათვლით იყო გაკეთებული. შემდეგშიც, როდესაც მოგვმართავენ, რა თქმა უნდა, დარჩენილი კვლევების პასუხებსაც გადავცემთ. შესაბამისად, საჯარო განხილვის საგანი ეს არ უნდა იყოს. პასუხს ვაგებ ჩემს კლინიკაზე. პაციენტი გვიცხადებს სრულ ნდობას, არ გამოთქვამს უკმაყოფილებას არც ჩვენს მკურნალობის და არც ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე. შემდეგზე ვილაპარაკოთ შემდეგში. მინდა, ბატონი მიხეილი იყოს კარგად. მინდა, ყველა პაციენტი იყოს კარგად, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

დატოვე კომენტარი