ვიტალი კლიჩკო - ქალაქის მერს, „მშვენიერი“ კანონის თანახმად, რაიონის ხელმძღვანელისთვის საყვედურის გამოცხადებაც კი არ შეუძლია
ქალაქის მერს, „მშვენიერი“ კანონის თანახმად, რაიონის ხელმძღვანელისთვის საყვედურის გამოცხადებაც კი არ შეუძლია, – ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
კიევის მერმა აღნიშნა, რომ რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს დაავალა, 19 იანვრის საღამომდე დედაქალაქი თოვლისა და ყინულისგან გაწმინდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტს მიმართავს.
„დედაქალაქის რაიონული სახელმწიფო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავამახვილე ყურადღება ეზოების, ტროტუარების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, საფეხმავლო ზონების, დაწესებულებებისა და საწარმოების ტერიტორიების თოვლისა და ყინულისგან გაწმენდაზე. მათ დღეს საღამომდე მივეცი ვადა სიტუაციის გამოსასწორებლად! წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ პრეზიდენტს, რომელიც რაიონების ხელმძღვანელებს ნიშნავს (მერის თანხმობის გარეშე), რათა მიიღოს საკადრო ზომები, რადგან ქალაქის მერს, ამ „მშვენიერი“ კანონის თანახმად, რაიონის ხელმძღვანელისთვის საყვედურის გამოცხადებაც კი არ შეუძლია“, – აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.