ვიტალი კლიჩკო - ომის დაწყებიდან კიევში 264 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ვიტალი კლიჩკო - ომის დაწყებიდან კიევში 264 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ომის დაწყებიდან კიევში 264 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავებული კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინის დედაქალაქში განადგურებულია 80-მდე შენობა.

ამასთან, მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალები კვლავ ცდილობენ ჩერნიგოვის დაკავებას. ჩერნიგოვის მერის განცხადებით, ქალაქის სასაფლაო დაღუპულთა დასაკრძალად საკმარისი არ იქნება, როს გამოც მიცვალებულებს ძველ სასაფლაოზე კრძალავენ.

ხარკოვის მერის თქმით, ქალაქში განადგურებულია ათასამდე საცხოვრებელი სახლი.

მედიის ცნობით, კომუნიკაციებს მოწყვეტილია ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი იზიუმიც, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობდა.

გასული ღამის განმავლობაში დაიბომბა კალინოვკას, გორენკას, ნოვიე პეტროვცის დასახლებები.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით განაღმვა 82 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს ესაჭიროება.

ამასთან, კვლავ ალყაშია მარიუპოლი, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. წინა დღით მარიუპოლიდან 3 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუირებულები მეზობლად მდებარე ზაპოროჟიეს ოლქში გადაიყვანეს, თუმცა, 100 ათასამდე პირი კვლავ მარიუპოლში რჩება.

ქვეყნის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ქალაქს არ მიეწოდა წყალი, საკვები პროდუქტები, გათბობა. მისივე თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. არსებული ცნობით, საერთო ჯამში 700-მდე ადამიანმა მასიური დაბომბვის პირობებში, შეძლო ლუგანსკის ოლქის ქალაქებიდან თავის დაღწევა.

მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება ზმეინის კუნძულზე დაკავებული მეზღვაურების გაცვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის თქმით, ტყვედ 11 მეზღვაური იმყოფება, კიდევ 80-მდე პირთან ერთად.

დატოვე კომენტარი