ვიტალი კლიჩკო – კიევი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმის მტკიცება, რომ აქ ამჟამად ცხოვრება შესაძლებელია, როგორც მშვიდობიან პერიოდში, სამწუხაროდ, არ გამოვა
სიმართლე გითხრათ, დედაქალაქი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იმის მტკიცება, რომ აქ ამჟამად ცხოვრება შესაძლებელია, როგორც მშვიდობიან პერიოდში, სამწუხაროდ, არ გამოვა, – ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„მტერი ანადგურებს კიევს – ინფრასტრუქტურას, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, ლოგისტიკას, საცხოვრებელ და სოციალურ ობიექტებს. აგრესორმა ასევე კვლავ დაიწყო ენერგეტიკული სექტორის განადგურება“, – აღნიშნა კიევის მერმა.
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა კიევზე თავდასხმები გააძლიერა, მიზანში ამოიღო ხიდები, ენერგეტიკული ობიექტები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, 1 ოქტომბერს რუსული დრონებით განხორციელებულმა დარტყმებმა დნეპრზე გამავალი მნიშვნელოვანი ხიდი დააზიანა, ხოლო 2 ოქტომბერს მომხდარი კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.