„ვიტ ჯორჯია“ ისევ ლიდერია [ვიდეო[]
„ვიტ ჯორჯია“ ისევ ლიდერია [ვიდეო[]

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-14 ტურის სამი მატჩი გაიმართა – სამიდან ორ მატჩში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. მარტვილში „მერანმა“ მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე თბილისის „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა და დიდი მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ ქულას დასჯერდა 0:0.

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ანგისას საწვრთნელ ბაზაზე, სადაც გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ აუტსაიდერი წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და ვერ დაამარცხა. მე-17 წუთზე პენალტით ანგარიში სტუმართა თავდამსხმელმა გაგა ჩხეტიანმა გახსნა. 52-ე წუთზე ის მოედნიდან მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს. თუმცა, ბათუმელებმა კაცნაკლულ მეტოქეს მხოლოდ ანგარიში გაუთანაბრეს. 59-ე წუთზე წყალტუბოელთა კარი ჯოვინო ფლამარიონმა აიღო და შეხვედრა ასეც დასრულდა 1:1.

ტურის ცენტრალური შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასას“ სტადიონზე გაიმართა: „გაგრამ“ ლიდერს, „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და დამარცხდა. მე-40 წუთზე, მასპინძელთა მცველმა ევჰენი ზახარჩენკომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 45-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და სტუმრები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა 0:2. მეორე ტაიმში „გაგრამ“ სხვაობა შეამცირა (69-ე წუთი – რატი ცაცკრიალაშვილი) და საბოლოოდ, 1:2 დამარცხდა.

„ვიტ ჯორჯიამ“ 14 ტურის შემდეგ 26 ქულით პირველი ადგილი დაიბრუნა. მას ორი ქულით ბათუმის „დინამო“ ჩამორჩება. გალიდერების შანსი აქვს „ნორჩ დინამოს“, რომელიც 24 ქულით მესამეზეა, მაგრამ ხვალ „ცხინვალს“ დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში, ლიდერი გახდება.

FC Gagra 1:2 FC WIT Georgia

Football Club Gagra 1:2 FC WIT Georgia

Posted by FC WIT Georgia on 2018 წლის 8 ივნისი, პარასკევი