ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა
ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გახსნა.

უწყების ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს ცენტრის მიზნები გააცნო და აღნიშნა, რომ ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა.

მინისტრის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან კოლაბორაციული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელოვანი წარმატების აღიარება და საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერაა.

კერძოდ, კოლაბორაციული ცენტრის სტატუსის მინიჭებით, საქართველოს ჰეპატიტების ელიმინაციის ეროვნული გეგმებისა და ტესტირების სტრატეგიების შემუშავება, მონიტორინგი, დიაგნოსტიკური ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება  და წარმატებული გამოცდილების გაზიარების უფლება და პასუხისმგებლობა ენიჭება.

ღონისძიებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის პროცესში მონაწილე საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები, ასევე დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.