„ვირტუსის“ გენერალური დირექტორი - შენგელიას დაბრუნებას ოქტომბრის ბოლოსთვის ველით #1TVSPORT
„ვირტუსის“ გენერალური დირექტორი - შენგელიას დაბრუნებას ოქტომბრის ბოლოსთვის ველით #1TVSPORT

სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას შესახებ. მისი გუნდის, „ვირტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ თოკო, შესაძლოა, მოედანს ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ მან მხრის ტრავმა 24 აგვისტოს ნიდერლანდებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში მიიღო. ამის გამო ევრობასკეტიც გაუცდა. თორნიკე ამჟამად იტალიაშია და რეაბილიტაციის კურსს გადის.

„გვაკლია რამდენიმე კალათბურთელი. ავუდუ აბასი მალე გამოჯანმრთელდება და გუნდს შეუერთდება. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, შესაძლოა, ის მოედანს ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდეს. მათ არყოფნაში ახალწვეულებმა თავი კარგად წარმოაჩინეს“, – განაცხადა „ვირტუსის“ გენერალურმა დირექტორმა.

შენგელიას არყოფნაში ბოლონიელებმა იტალიის სუპერთასზე „მილანი“ დაამარცხეს და სეზონი ტიტულით გახსნეს.