„ვირტუს ბოლონიამ“ მიუნხენის „ბაიერნი“ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა - შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ საკალათბურთო ევროლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და 85:83 დაამარცხა.
მატჩის პირველი ნახევარი გერმანულმა გუნდმა 4 ქულით მოიგო. მიუნხენელები მცირე უპირატესობას მესამე მეოთხედშიც ინარჩუნებდნენ, თუმცა „ვირტუს ბოლონიამ“ უკანასკნელი მეოთხედი 6 ქულით მოიგო და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. შენგელიამ მოედანზე 31:43 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
შენგელიას კარგად დაეხმარნენ მარკო ბელინელი (16 ქულა) და დანიელ ჰაკეტი (15 ქულა). შეხვედრაში ერთ-ერთი გადამწყვეტი აღმოჩნდა დანიელი ლუდბერგის ორქულიანი, რომელიც მან საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე ჩააგდო და თავისიანები 4 ქულით გაიყვანა წინ.
ევროლიგის 18 ტურის შემდეგ თორნიკე შენგელიას გუნდს 13 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება.