ვირჯილ ვან დაიკმა გიორგი მამარდაშვილი შეაქო - მოახერხა გადაწყობა და „გალათასარაისთან“ კარგად ითამაშა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „გალათასარაისთან“ 0:1 მარცხის მიუხედავად, „ლივერპულის“ კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეაქო.
„ჯვაროსნების“ კიპერმა ალისონ ბეკერი შეცვალა, რომელმაც ორშაბათს ვარჯიშზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა და თურქეთში გამგზავრება ვერ შეძლო. ეს მამარდაშვილის მხოლოდ მე-12 მატჩი იყო „ლივერპულის“ შემადგენლობაში „ვალენსიიდან“ გადასვლის შემდეგ და პირველი – ნოემბრის ბოლოდან.
„მან კარგად ითამაშა. ალისონის ამბავი მოულოდნელი იყო. ამის მიუხედავად, ასეთი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მამარდაშვილმა დროულად შეძლო გადაწყობა და მერვედფინალში კარგად ითამაშა. ყველას მოვალეობაა, მზად იყოს, როდესაც გუნდს დასჭირდება“, – თქვა ვან დეიკმა.
ჯერ გაურკვეველია, მამარდაშვილი კვირას, „ტოტენჰემთან“ პრემიერლიგის მატჩში „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში იქნება თუ არა. მოსალოდნელია, რომ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი ალისონ ბეკერის შესახებ პარასკევს მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განახლებულ ინფორმაციას გაავრცელებს.