ვიქტორია ნულანდი - ნატო-ს წევრობის საკითხი დამოკიდებულია აპლიკანტ ქვეყნებსა და ალიანსის 30 წევრზე, არავის აქვს ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება
ნატო-ს წევრობის საკითხი დამოკიდებულია აპლიკანტ ქვეყნებსა და ალიანსის 30 წევრზე; არავის აქვს ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა.
„ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მიხედვით, ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც პასუხობს ნატო-ს მაღალ სტანდარტებს.
ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებიც გახდნენ ნატო-ს წევრები; რომლებსაც სურთ, რომ გახდნენ ნატო-ს წევრები და ამისთვის ბევრს მუშაობენ ნატო-სთან ერთად; ამ ქვეყნებში შედიან საქართველო, უკრაინა და სხვა ქვეყნები“, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
ამასთან, ნულანდის თქმით, ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ აირჩევს ნატო-სთვის საფრთხის შექმნის გზას. ნულანდის თქმით, ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ალიანსის წევრების დაცვაა.