ვიქტორ ყიფიანი - ჩვენს სამეზობლოსთან ერთად თამაშის ერთიანი წესები უნდა შევიმუშაოთ, რომ ჩინეთის ჰაბიდან დაძრული ბიზნესები რეგიონში მოვიზიდოთ
ვიქტორ ყიფიანი - ჩვენს სამეზობლოსთან ერთად თამაშის ერთიანი წესები უნდა შევიმუშაოთ, რომ ჩინეთის ჰაბიდან დაძრული ბიზნესები რეგიონში მოვიზიდოთ

ჩვენ სამეზობლოსთან ერთად, ჩვენთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მონათესავე გეოგრაფიებთან ერთად, თამაშის ერთიანი წესები უნდა შევიმუშაოთ, რაც დაგვეხმარება, რომ ჩინეთის ჰაბიდან დაძრული ბიზნესები რეგიონში მოვიზიდოთ, – ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის ფონზე გლობალური ეკონომიკური წესრიგის გადაწყობის მოსალოდნელი სქემები და ახალ რეალობაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის საკითხი განიხილეს.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ მიმდინარე პანდემიით გამოწვეული კრიზისი რეალურად სამმაგი ბუნებისაა, რადგან ის შეეხო როგორც ჯანდაცვას, ისე ეკონომიკასა და გეოპოლიტიკას. თუმცა, ყიფიანის მოსაზრებით, ამ სამი ფაქტორიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანდაცვის კრიზისის პრევენციაა, რადგან ამის გარეშე არც ეკონომიკური და არც გეოპოლიტიკური კრიზისი აღმოიფხვრება. 

დისკუსიის დროს ასევე აღინიშნა, რომ მსოფლიო დონეზე ექსპერტების ნაწილი გლობალური ეკონომიკური წესრიგის გადაწყობის მოლოდინშია, რადგან განვითარებული ქვეყნების კომპანიების დიდი ნაწილი, რომელთაც საწარმოები ჩინეთის ეკონომიკურ ჰაბში ჰქონდათ, ქვეყნიდან წარმოების გატანას აპირებენ. შესაბამისად, ქვეყნებს შორის კონკურენცია მძაფრდება ამ კომპანიების საკუთარ ტერიტორიებზე მოსაზიდად და საქართველომ საკუთარი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე უნდა იფიქროს.

ყიფიანის მოსაზრებით, ამერიკული და ევროპული კომპანიები ჩინეთის უზარმაზარ ბაზარს სრულად ვერ შეელევიან, თუმცა გარკვეული ნაწილი დიდი ალბათობით მართლაც გამოვა ქვეყნიდან და რისკების დივერსიფიცირებას სხვა გეოგრაფიულ არეალში მოახდენს. მისი თქმით, ამგვარი გადაწყობის პროცესში, საქართველომ აქცენტი რეგიონულ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე უნდა გააკეთოს.

„სამი სცენარი იკვეთება. პირველი, რომ ბიზნესები გადავა მომხმარებელთან ახლოს. ანუ ამერიკული კომპანია გადავა აშშ-ში, ევროპული გადავა ევროკავშირში. მეორე ვარიანტი არის, რომ ეს ბიზნესები გარკვეულწილად მაინც აზიაში დარჩება. შეიძლება ჩინეთში არა, მაგრამ გადანაწილდება ინდონეზიაზე, ვიეტნამზე, მალაიზიაზე, და ა.შ. არის მესამე ვარიანტი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ბიზნესების ნაწილი დიდი ალბათობით გადმოინაცველებს ცენტრალური ევროპისა და თურქეთის გეოგრაფიაში. სწორედ ამ მოლოდინს უნდა დავუკავშიროთ ჩვენი გეგმები და რესურსების მობილიზება, რომ ამ გეოგრაფიულ მინიჰაბში ვიპოვთ ჩვენი ადგილი. არარეალისტურია, როცა ვსაუბრობთ საქართველოს როლზე, როგორც ასეთი ამ წესრიგში. გაცილებით რეალისტური მოლოდინი იქნებოდა, რომ ჩვენს სამეზობლოსთან ერთად, ჩვენთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მონათესავე გეოგრაფიებთან ერთად, შევიმუშაოთ თამაშის ერთობლივი წესები, რომელიც იმ ბიზნესების რეგიონში მოზიდვაში დაგვეხმარება“, – განაცხადა ყიფიანმა.

მისი განმარტებით, ბიზნესების მოზიდვის პროცესში საქართველოს კონკურენტუნარიანობის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დასჭირდება მუშახელის კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით, რაც მოცემულ ეტაპზე პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, ყიფიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების კუთხით საემიგრაციო რეგულაციების შეცვლაც მოუხდეს.

„ჩვენ ვიცით ჩვენი ქვეყნის მწირი რესურსი ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით. არ არის გამორიცხული, რომ თუ ამ ბიზნესების რეგიონში გადმოტანის ტენდენციამ ძალა მოიკრიბა, ჩვენ საემიგრაციო კანონმდებლობაში ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომ დამატებითი მუშახელი გარკვეული პირობებით ქვეყნის შიგნით მოვიზიდოთ. სხვანაირად ჩვენ დიდ ინდუსტრიულ ბადეში, რომელიც დღეს მსოფლიოში ყალიბდება საკუთარ ადგილს ვერ დავიმკვიდრებთ, სპეციალიზაციის უქონლობისა და ადამიანური რესურსის სიმცირის გამო“, – განუცხადა ვიქტორ ყიფიანმა „ბიზნესპარტნიორს“.