„ვიქტორ სანიკიძის აკადემია“ საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ 22-წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ფინალური სერიის მეორე შეხვედრას დიღომი არენამ, ვსა-ს საკალათბურთო ბაზამ უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა, ნიკა ბიწკინაშვილის ხელმძღვანელობით, საქმე ბოლომდე მიიყვანა, „რუსთავს“ მეორე მატჩიც მოუგო და ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ სერიის პირველი შეხვედრა რუსთავში, „ქიმიკოსთა დარბაზში“ სტუმრების გამარჯვებით – 87:77 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით დაიწყო და საბოლოოდ ვსა-ს დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 90:71 დასრულდა.
ამ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა ვსა-ს პერიმეტრიდან ტყორცნებმა – აკადემიელებმა 13 სამქულიანი ჩააგდეს, რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მაჩვენებელი მოედანზე გასული რვა კალათბურთელიდან შვიდზე გადანაწილდა. შორეული სროლებით განსაკუთრებით ნიკოლოზ ფხალაძე და ანდრია ცერცვაძე გამოირჩნენ, რომლებმაც 3-3 სამქულიანი მოათავსეს მეტოქის კალათში.
ჩემპიონების მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ნიკოლაევი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა — 24 ქულა და 11 მოხსნა. მას კარგად აჰყვა დავით ჭუაძე 19 ქულით და 7 ჩაჭრით, ხოლო ანდრია ცერცვაძემ გუნდს 14 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა შეჰმატა. ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა მამუკა ასათიანს, რომელმაც 10 ქულა დააგროვა, ფარქვეშ კი ტრადიციულად საიმედო იყო გიორგი დოხნაძე 11 მოხსნითა და 3 პასით. „რუსთავის“ რიგებში ყველაზე პროდუქტიული ლუკა ტაბაღუა გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა მოაგროვა. სტუმართაგან 13-13 ქულა ჩაიწერეს აქტივში ლუკა მუჯირიშვილმა და დათა ვაშაკიძემ, ხოლო გიორგი ჯანგველაძემ ფარქვეშ მძიმე ბრძოლაში 15 მოხსნა და 5 ქულა მიითვალა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა ტურნირის ყველაზე ძვირფასი მოთამაშის (MVP) პრიზი ვსა-ს ფორვარდს, ვატო გაჩეჩილაძეს გადასცა. მანვე აღმართა საჩემპიონო თასი.
22-წლამდელთა მიმდინარე სეზონი 20 მაისს დასრულდება, როცა ერთმანეთს მესამე ადგილისთვის მატჩში „ვინგსი“ და „ჰიუნდაი“ შეხვდებიან.