ვიქტორ ორბანის პარტია მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებს ყოფილ მინისტრ მიკლოშ შეშტაკს, რომლის წინააღმდეგ ქრთამის აღების საქმეზე გამოძიების ფარგლებში 20 მილიონამდე ნაღდი ფული ამოიღეს

23:28, 14.11.2026

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ ყოფილ მინისტრს, მიკლოშ შეშტაკს საპარლამენტო მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებს.

„ფიდესმა“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ მიკლოშ შეშტაკს ამოღებულ თანხასთან კავშირში არ აქვს.

„უნგრეთში ყველა დეპუტატი ფიცს დებს, რომ კანონს დაიცავს და მის შესრულებას უზრუნველყოფს. „ფიდესი“ და ქრისტიან-დემოკრატები ვერ იქნებიან იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ამ ფიცს არღვევენ. ვიმედოვნებთ, რომ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ასახული თანხა მიკლოშ შეშტაკთან კავშირში არ არის“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ამასთან, ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა, ბენცე რეტვარიმ, შეშტაკს მოუწოდა, საკუთარი სახელის გასამართლებლად სამართლებრივი ბრძოლა გააგრძელოს, თუმცა საპარლამენტო მანდატი დატოვოს.

„ეს ინდივიდუალური სისხლის სამართლის საქმეა და გამოძიება მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ჩვენი პოლიტიკური ერთობისგან“, – განაცხადა რეტვარიმ.

მიკლოშ შეშტაკი ვიქტორ ორბანის მთავრობაში 2014-2018 წლებში ეროვნული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მას ქრთამის აღებაში ედება ბრალი, რასაც ის უარყოფს. სამართალდამცველებმა მიკლოშ შეშტაკის წინააღმდეგ ქრთამის აღების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თითქმის 20 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ამოიღეს. მისი ადვოკატის, გაბორ პაპის განცხადებით, ამოღებული თანხა შეშტაკს არ ეკუთვნის და საქმეში სხვა ეჭვმიტანილებიც ფიგურირებენ.

მსგავსი