ვიქტორ ორბანი - ყველას მივცემთ შესაძლებლობას, ბოდიში მოუხადოს უნგრეთს უსამართლო ბრალდებებისთვის
ვიქტორ ორბანი - ყველას მივცემთ შესაძლებლობას, ბოდიში მოუხადოს უნგრეთს უსამართლო ბრალდებებისთვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო რეჟიმი მაისის ბოლოს დასრულდება და ძალაუფლება ისევ პარლამენტში გადანაწილდება.

„ქვეყნის მთავრობამ მიიღო ავტორიზაცია სერიოზული, რთული გადაწყვეტილებების სწრაფად მისაღებად. ასეთი სულ ორი-სამი გადაწყვეტილება დარჩა მისაღები“, – აცხადებს ორბანი.

უნგრეთში „კოვიდ-19“-თან გამკალვების მიზნით, საგანგებო რეჟიმი მოქმედებს, რომელიც ვიქტო ორბანს და მის მთავრობას სრულ ძალაუფლებას აძლევს. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის სამიზნე გახდა.

14 მაისს ევროკავშირის კანონმდებლებმა ევროკომისიას მოუწოდეს, რომ უნგრეთისთვის დაფინანსება შეეწყვიტა. გაკეთდა განცხადებები იმის თაობაზეც, რომ უნგრეთში დემოკრატია დასრულდა.

„ჩვენ წარმატებით დავიცავით ჩვენი სამშობლო, ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებები შეგვიძლია ნებისმიერი სხვა ქვეყნისას შევადაროთ, ეს მოვახერხეთ დემოკრატიის ფარგლებში და ავტორიზაციის მიღების შემდეგ ჩვენ პარლამენტის ჩვეულ წყობას დავუბრუნდებით. ამის შემდეგ, ყველას მივცემთ შესაძლებლობას, ბოდიში მოუხადოს უნგრეთს უსამართლო ბრალდებებისთვის“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ევროპა ეკონომიკურ კრიზისს „კოვიდ-19“-ის კრიზისზე უკეთესად გაუმკლავდება.