ვიქტორ ორბანი - უკრაინის პრეზიდენტს ვურჩევთ, უნგრეთს კი არ დაემუქროს და დააშანტაჟოს, არამედ მადლიერება გამოხატოს
გუშინ უნგრეთს ღიად და უხეშად დაემუქრა უკრაინა. ეს იყო შანტაჟი და ცხადად ითქვა, რომ მათთვის მიუღებელია, უნგრელმა ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა უნგრეთის მადლობელი უნდა იყოს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნებართვით, მინდა, გაცნობოთ, რომ გუშინ უნგრეთს ღიად და უხეშად დაემუქრა უკრაინა. ეს იყო შანტაჟი და ცხადად ითქვა, რომ მათთვის მიუღებელია, უნგრელმა ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამიტომ დაგვემუქრნენ, დაგვაშანტაჟეს და ამას ვუპასუხებთ, რომ უკრაინა მადლობელი უნდა იყოს უნგრეთის. არასოდეს გვითქვამს ცუდი უკრაინაზე, მათ ლტოლვილებს მივეცით თავშესაფარი, უნგრეთში მივიღეთ უკრაინელები. მივეცით საშუალება, ყველა საჯარო სერვისით ესარგებლათ, უკრაინელებისთვის ზრუნვა არ მოგვიკლია, განათლებას ვაძლევთ უკრაინელ ბავშვებს. უკრაინის პრეზიდენტს ვურჩევთ, მადლიერება გამოხატოს უნგრეთის მიმართ, არ დააშანტაჟოს და არ დაემუქროს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „ვიქტორ ორბანის პოლიტიკა უკრაინის და ევროპის წინააღმდეგაა მიმართული, ის ამას შიდა პოლიტიკაში იყენებს, სურს, უკრაინაში ომი არჩევნებში საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს“. ზელენსკის თქმით, ორბანი „ისტორიულ შეცდომას“ უშვებს და არ ესმის, რომ მის პოლიტიკას „გაცილებით უფრო სერიოზული და საშიში შედეგები მოჰყვება“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 11 ივნისს გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას და აღნიშნა: „ზელენსკი თავს დაგვესხა, რადგან უნგრელებს არ სურთ უკრაინისთვის სიკვდილი. ჩვენ არ გვინდა, ჩვენი შვილები ფრონტიდან კუბოებში დაბრუნდნენ და უნგრელების ფული უკრაინაში წავიდეს“.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.