ვიქტორ ორბანი - უნგრელებს არ სურთ უკრაინისთვის სიკვდილი, არ გვსურს, უნგრელების ფული უკრაინაში წავიდეს
უნგრელებს არ სურთ უკრაინისთვის სიკვდილი, – ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტმა ბუდაპეშტი უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
„ზელენსკი თავს დაგვესხა, რადგან უნგრელებს არ სურთ უკრაინისთვის სიკვდილი. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი შვილები ფრონტიდან კუბოებში დაბრუნდნენ და უნგრელების ფული უკრაინაში წავიდეს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრულ პორტალ Válasz Online-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის თემას საპარლამენტო არჩევნების წინ თავისი ინტერესებისთვის იყენებს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის ხელისუფლება ბევრჯერ ცდილობდა უკრაინის საქმეებში ჩარევას, მაგრამ ასეთი შემთხვევების უმეტესობა არასაჯაროდ წყდებოდა.
ვიქტორ ორბანის განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გიორგი ტიხი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლების საკომუნიკაციო ხაზი „ლიანდაგიდან გადავიდა“.
„უკრაინა სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს, რუსეთი კი უარყოფს და მთელი ძალით აგრძელებს ომსა და მკვლელობებს. თუმცა, რატომღაც, ჩვენ ვერ ვხედავთ უნგრეთის მოთხოვნებს, რომ რუსეთი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. ოფიციალური ბუდაპეშტი ამ საკითხზე დუმს. სადაც პრინციპულობაა საჭირო, ბუდაპეშტი დუმს, ხოლო სადაც საერთო ენის ძიებაა საჭირო, უსაფუძვლო ბრალდებებს ისვრის. უკრაინა დარწმუნებულია, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობები ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ მათზე ორივე მხარემ უნდა იმუშაოს“, – განაცხადა გიორგი ტიხიმ.