ვიქტორ ორბანი - თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მიაღწია შედეგს რუსეთ-უკრაინის ომში მარცვლეულის შეთანხმების მეშვეობით
თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მიაღწია შედეგს რუსეთ-უკრაინის ომში მარცვლეულის შეთანხმების მეშვეობით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თურქეთ-უნგრეთის ურთიერთობა ჩვენ ახალ სტრატეგიულ დონეზე გავაძლიერეთ. არ ვიცი, ამაზე მეტი თუ არსებობს დიპლომატიის პირობებში. მე მჯერა, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი მეგობრობისა და ძმობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ თურქეთის გარეშე უნგრეთს არ ექნებოდა უსაფრთხოება.
„მომავალი საუკუნე იქნება თურქების. ჩვენ ამის გვჯერა“, – აღნიშნა ორბანმა.
თურქეთის პრეზიდენტი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში ჩავიდა, რა დროსაც ერდოღანმა და ორბანმა ხელი მოაწერეს 17-პუნქტიან თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის მიზანიცაა ურთიერთობების გაფართოებული სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა.