ვიქტორ ორბანი - მმართველ ელიტას როდესაც არ სურს საკუთარი ხალხის გვერდით დგომა, არის პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც დგება ხალხის გვერდით, ამ პარტიას აქვს მომავალი
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ არის მომავალი. მმართველ ელიტას როდესაც არ სურს საკუთარი ხალხის გვერდით დგომა, არის პარტია, რომელიც დგება ხალხის გვერდით, ამ პარტიას აქვს მომავალი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერთან, ალის ვაიდელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორბანის თქმით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არ არის პარტია, რომლის ლიდერს, ჩვეულებრივ, ხვდებიან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, თუმცა დროა, ეს შეიცვალოს.
„სწორედ ამიტომ ვართ ახლა აქ. ახლა ყველაფერი იცვლება. აბსოლუტურად ცხადია, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არის მომავალი. ჩემთვის ცხადია, რომ როდესაც მმართველ ელიტას არ სურს საკუთარი ხალხის გვერდით დგომა, არის პარტია, რომელიც დგება ხალხის გვერდით, ამ პარტიას აქვს მომავალი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ვიქტორ ორბანისა და ალის ვაიდელის შეხვედრა გერმანიაში დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე იმართება. მოლაპარაკებების დროს ვიქტორ ორბანმა და ალის ვაიდელმა განიხილეს ევროკავშირის პოლიტიკა, მიგრაცია და უკრაინის საკითხი.
პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს პრესკონფერენციაზე მიმართა: „ისევე, როგორც თქვენ ევროპაში, ჩვენ ვართ გერმანიაში ერთადერთი ძალა, რომელიც ყოველთვის აწარმოებდა კამპანიას უკრაინაში მშვიდობისთვის“.