ვიქტორ ორბანი - მივესალმებით ამერიკულ სამშვიდობო ინიციატივებს, იმ ფაქტმაც კი, რომ მიმდინარეობს რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები, შექმნა სიტუაცია, სადაც ესკალაციის რისკი არსებითად შეწყდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სლოვაკელ კოლეგას, რობერტ ფიცოს შეხვდა. ლიდერების ორმხრივი მოლაპარაკებები გეოპოლიტიკურ საკითხებს ეხებოდა.
ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ორივე ლიდერმა გამოხატა უკმაყოფილება ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ. ორბანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან სამშვიდობო ინიციატივებს, რომლებიც, ორბანის აზრით, მნიშვნელოვნად ამცირებს ომის ესკალაციის რისკს.
„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სამი საკითხი, მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ენერგომომარაგების საკითხები. ჩვენ მივესალმებით ამერიკულ სამშვიდობო ინიციატივებს, რადგან იმ ფაქტმაც კი, რომ მიმდინარეობს რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები, უკვე შექმნა სიტუაცია, სადაც ესკალაციის რისკი არსებითად შეწყდა. როდესაც მიმდინარეობს რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები, ომის ესკალაციის რისკი მცირდება დაბალ დონემდე“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ხოლო რობერტ ფიცომ ევროკავშირის გეგმა რუსული ენერგიის იმპორტის 2027 წლამდე შეწყვეტის შესახებ „სრულ უაზრობად“ მოიხსენია. მან ასევე გააფრთხილა სხვა ევროპელი ლიდერები, რომ ეს გამოიწვევს უფრო მაღალ ფასებს და შეამცირებს ევროპული მრეწველობის კონკურენტუნარიანობას.