ვიქტორ ორბანი - გერმანიაში „ფეისბუქზე“ ან სამსახურში გენდერული იდეოლოგიის წინააღმდეგ თუ ამოიღებ ხმას, სამუშაოს დაკარგავ, უნგრეთი ახალ წესებს არ ემორჩილება და თავისუფლებას ირჩევს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დასავლური ლიბერალიზმი გააკრიტიკა.
ვიქტორ ორბანის თქმით, დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში, ადამიანები რისკავენ სამუშაო ადგილებს, თუ ღიად გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს გენდერული იდეოლოგიის ან მასობრივი მიგრაციის საკითხებზე.
„გერმანიაში „ფეისბუქზე“ ან სამსახურში გენდერული იდეოლოგიის წინააღმდეგ თუ ამოიღებ ხმას და იტყვი, რომ ტრადიციულ ოჯახის მომხრე ხარ ან თუ მასობრივ მიგრაციას ეწინააღმდეგები, სამუშაოს დაკარგავ. გაძლევენ შანსს, შეცვალო შენი მოსაზრება და თუ არ დაეთანხმები, დაკარგავ სამსახურს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი არ ემორჩილება ამ „ახალ წესებს“ და თავისუფლებას ირჩევს.
მისი თქმით, უნგრეთი „თავისუფლების კუნძულია“ დასავლურ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ეს საკითხები ტაბუა.
„ლიბერალიზმი ოდესღაც თავისუფლებას ნიშნავდა. დღეს შეზღუდვას და ჩაგვრას ნიშნავს“, – აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.