ვიქტორ ორბანი - ევროკავშირმა, რუსეთისთვის დაუფიქრებელი ეკონომიკური სანქციების დაწესებით, „საკუთარ თავს ფილტვებში ესროლა“
ვიქტორ ორბანი - ევროკავშირმა, რუსეთისთვის დაუფიქრებელი ეკონომიკური სანქციების დაწესებით, „საკუთარ თავს ფილტვებში ესროლა“

ევროკავშირმა „საკუთარ თავს ფილტვებში ესროლა“ რუსეთისთვის დაუფიქრებელი ეკონომიკური სანქციების დაწესებით. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ სანქციები თუ არ გაუქმდება, ევროპულ ეკონომიკას განადგურების საფრთხე ემუქრება.

„თავიდან მე ვფიქრობდი, რომ ჩვენ საკუთარ თავს მხოლოდ ფეხში ვესროლეთ, თუმცა ახლა ნათელია, რომ ევროპულმა ეკონომიკამ საკუთარ თავს ფილტვებში ესროლა და ის ჰაერის უკმარისობის გამო იგუდება“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის თქმით, უკრაინას სჭირდება დახმარება, თუმცა ევროპელმა ლიდერებმა უნდა გადახედონ თავიანთ სტრატეგიას, რადგან სანქციებმა ევროპულ ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის შესუსტების ან ომის დასრულების დაახლოების გარეშე.

„სანქციები არ ეხმარება უკრაინას, თუმცა ისინი ცუდია ევროპული ეკონომიკისთვის და თუ ეს ასე გაგრძელდება, ისინი მოკლავენ ევროპულ ეკონომიკას. ჭეშმარიტების მომენტი უნდა დადგეს ბრიუსელში, როდესაც ლიდერები აღიარებენ, რომ მათ არასწორი გათვლა გააკეთეს, რომ სასანქციო პოლიტიკა ეფუძნებოდა არასწორ ვარაუდებს და უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასის მკვეთრმა ზრდამ აიძულა ვიქტორ ორბანი, შეემცირებინა მაღალი მოხმარების შინამეურნეობებისთვის კომუნალური მომსახურების ფასების მრავალწლიანი შეზღუდვა.