ვიქტორ ორბანი - ევროკავშირი ჩემ წინააღმდეგ დეზინფორმაციის იმავე მეთოდებს იყენებს, რომელსაც ობამას ადმინისტრაცია ტრამპის წინააღმდეგ იყენებდა და რუსეთთან შეთქმულებაში ადანაშაულებდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბრიუსელი მისი პოზიციების შესასუსტებლად დეზინფორმაციას იყენებს, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ მედიასთან თქვა, როდესაც საუბრობდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წევრების საქმიანობის შესწავლის მიზნით დაწყებულ გამოძიებაზე.
როგორც ვიქტორ ორბანი აცხადებს, ევროკავშირის ხელმძღვანელობა მის წინააღმდეგ დეზინფორმაციის იმ მეთოდებს იყენებს, რომელსაც ბარაკ ობამას ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართავდა, როდესაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპს რუსეთთან შეთქმულებაში ადანაშაულებდა.
„ეს ნამდვილი პოლიტიკური ბომბია“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ორბანის თქმით, „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის დასკვნით, დონალდ ტრამპის მიმართ მაშინ წაყენებული ბრალდებები ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ფაბრიკაციას წარმოადგენდა. ეს ხდებოდა 2016 წელს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატისთვის ზიანის მიყენების მიზნით და დემოკრატი ჰილარი კლინტონის არჩევნებში მარცხის გასამართლებლად“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ უნგრეთის მთავრობის მიმართ ანალოგიურად მოქმედებდნენ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და „სოროსის ფონდი“, რისთვისაც „გაყიდულ მედიას“ იყენებდნენ.
„ახლა ანალოგიურად მოქმედებს ბრიუსელი“, – მიიჩნევს ვიქტორ ორბანი. მანამდე კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ ევროკავშირი ცდილობს უნგრეთის მთავრობის დისკრედიტაციას, რათა ქვეყნის მმართველობაში ბრიუსელის ნებას დაქვემდებარებული ოპოზიცია მოიყვანოს.
როგორც ცნობილია, აშშ-ის გენერალური პროკურორის განკარგულებით, იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს გამოძიება, როგორ მოქმედებდნენ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წევრები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ დაზვერვის მონაცემების დამუშავებისას.
ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა გრიფით საიდუმლო მოხსნა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებასთან დაკავშირებულ რიგ დოკუმენტებს. მისი ინფორმაციით, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წევრების მხრიდან გამოიკვეთა „მოღალატეობრივი შეთქმულების“ ნიშნები. ტულსი გაბარდი ვარაუდობს, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წევრები სადაზვერვო მონაცემებით მანიპულირებდნენ, რათა დონალდ ტრამპისთვის ზიანი მიეყენებინათ.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჰარისონ ფილდსმა განაცხადა, რომ, გაბარდის ინფორმაციის საფუძველზე, ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს, ჩაატაროს ამ საკითხზე დეტალური გამოძიება. „ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, როგორ მოქმედებდნენ ყოფილი მაღალჩინოსნები. მათი მიზანიც იყო, ზიანი მიეყენებინათ ტრამპის ადმინისტრაციისთვის და ძირი გამოეთხარათ ამერიკელი ხალხის ნებისთვის“, – აცხადებს ფილდსი.
აშშ-ის დაზვერვის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, ჩატარებულიყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის ხელშეწყობას. ამ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებისა და რუსეთის შეთქმულება არ დადასტურდა.