ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს უნგრეთის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განიხილავს
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს უნგრეთის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განიხილავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა, შესაძლოა, მალე მოახდინოს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ წინადადების რატიფიცირება.

„შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნდობის აღსადგენად. ჩვენ იმ მიმართულებისკენ გვაქვს გეზი, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებისას შევძლოთ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება“, – აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 26 თებერვალს დაიწყება. შეგახსენებთ, რომ უნგრეთი ნატო-ს ერთადერთი წევრია, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოუხდენია შვედეთის განაცხადის რატიფიცირება ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

ამასთან, ორბანმა ისაუბრა სკანდალზეც, რომელშიც უნგრეთის მთავრობა მას შემდეგ გაეხვია, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე მსჯავრდებული შეიწყალა. მომხდარის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა, ხოლო უნგრეთის იუსტიციის მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პარლამენტს ბავშვთა დაცვის ახალი კანონი წარედგინება.

„ბავშვები ხელშეუხებლები არიან, მათთვის ზიანის მიყენებას მოსდევს უმძიმესი სასჯელი და ასეთი შემთხვევებისას შეწყალების ადგილი არ არის. უნგრეთის ბავშვთა დაცვის სისტემა უნდა გაძლიერდეს. ის უნდა გადაიხედოს, შეიცვალოს და გაძლიერდეს. მოგვიწევს ყველაფერი ერთად წარვუდგინოთ პარლამენტს ბავშვთა დაცვის ახალი კანონის სახით“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.