ვიქტორ ჯაფარიძე - „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრისას კუთხეში ვიყავით მიგდებულები, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს ქოლგით, გაიყვანეს ჩვეულებრივად, ჩვენ, პარლამენტის წევრები ტყვეებივით ვყავდით
ვიქტორ ჯაფარიძე - „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრისას კუთხეში ვიყავით მიგდებულები, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს ქოლგით, გაიყვანეს ჩვეულებრივად, ჩვენ, პარლამენტის წევრები ტყვეებივით ვყავდით

„იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის დროს ჩვენ კუთხეში მიგდებულები ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს ქოლგით, ტანსაცმელი საკიდითაც კი გამოატანეს, გაიყვანეს ჩვეულებრივად, ჩვენ, პარლამენტის წევრები, ტყვეებივით ვყავდით, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დეპუტატებსაც გაუკეთეს დერეფანი, თუმცა აგინებდნენ.

„ჩემი თვალით ვნახე. როდესაც გადავწყვიტე, რომ კომისიაზე უნდა მოვსულიყავი, გადავურეკე კახა კუკავას, გოჩა ჯოჯუას, რამე ხომ არ მეშლება ან შეცდომით მახსოვდა და მათ დამიდასტურეს, რომ რასაც მე თქვენ გიყვებით, იგივე დამიდასტურეს. გიორგი თარგამაძეს დერეფანი გაუკეთეს, მიაცილებდნენ ქოლგით, ტანსაცმელი საკიდითაც კი გამოატანეს, ჩვენც, დეპუტატებს, გაგვიკეთეს დერეფანი, მაგრამ გვაგინებდნენ“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

როგორც ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის დროს რამდენიმე დეპუტატი ერთ-ერთ ითახში იყო, რომელშიც  N რაოდენობის ნიღბიანი შეიჭრა“.

„გამოგვიყვანეს ოთახიდან, ჰოლში დაგვაყენეს, პირით კედლისკენ, ტყვეებივით ხელებაწეული, დეპუტატები, პარლამენტის წევრები. ვალერი გელბახიანმა, მათ შორის ჩვენც, მაგრამ ვალერიმ უთხრა, რას აკეთებთ, ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები, თქვენ არ გაქვთ ჩვენი დაპატიმრების უფლება, თქვენ არღვევთ კონსტიტუციას და ა.შ. დაუწყო განმარტებები, რაზეც ავტომატის კონდახი მიიღო გვერდებში, რომ, აი, ეს არის ჩვენი კონსტიტუციაო, ხმა, კრინტი. გავჩუმდით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოგვიყვანეს, კიბეებზე ჩამოვედით ფეხით, კუთხესთან დაგვაყენეს პარლამენტის წევრები, დაგვიყენეს დაცვა და ამ დროს მიდის ბათქაბუთქი, რეზინის ტყვიებს ისვრიან, წივილ-კივილია, რაღაც სასწაული ამბავი ხდება. ასეთ დროს ცუდად გახდა ვალერი იზორია, პარლამენტის წევრი, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ავადმყოფობდა. წნევამ აუწია, დავაწვინეთ იატაკზე, ვეხვეწებოდით, გვიკვდება კაცი, რამე ქენით, გვიშველეთ, არ შემოგვაკვდეს. არავის რეაქცია არ ჰქონდა, გვაგინებდნენ“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, შენობიდან 40 წუთის შემდეგ გაიყვანეს, თუმცა მანამდე მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარესთან, „ნინო ბურჯანაჯესთან კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური მივიდნენ, უთხრეს, პარლამენტის წევრები არიან დაკავებული „იმედის“ შენობაში და გთხოვთ, რამე რეაგირება მოახდინეთო“.

„ნინო ბურჯანაძის ზარის შემდეგ გამოგვიყვანეს. კორიდორივით იყო და გვაგინებდნენ იქიდან. გარეთ სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა, გვითხრეს, ჩასხედით და გაგიყვანენო. მანქანაში რომ ჩავსხედით, მაშინდელი „რუსთავი 2“, გახსოვთ, როგორიც იყო, მოვარდა ერთ-ერთი ჟურნალისტი და შეკითხვების დასმა დაგვიწყო, აბა, რა ხდება, როგორ ხდება? მეც ძალიან აღელვებული ვიყავი და ვერ შევიკავე თავი, ალბათ უცენზუროდაც ვილაპარაკე და ვიყვირე, აღარ მახსოვს, რაზეც რომელიღაცა ნიღბიან პიროვნებას ჰქონდა რეაქცია, გადატენა ავტომატი და შემოყო სასწრაფოს მანქანაში. მე ვიყავი და მესროლე-მეთქი. კახა კუკავა გადამეფარა, ბატონო ვიქტორ, გაჩერდი, თორემ დაგვხოცავენო“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.