ვიქტორ ჯაფარიძე - არჩევნების მეორე ტურის დანიშვნით ტრაგედია არ მომხდარა, სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურსაც აუცილებლად მოიგებს
ვიქტორ ჯაფარიძე - არჩევნების მეორე ტურის დანიშვნით ტრაგედია არ მომხდარა, სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურსაც აუცილებლად მოიგებს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნით ტრაგედია არ მომხდარა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი ტური მოიგო და მეორე ტურსაც აუცილებლად მოიგებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ვიქტორ ჯაფარიძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან შეცდომები ბევრი იყო და ამ შეცდომების გამოსწორება აუცილებლად მოხდება.

„მესმის, რომ მოლოდინი იყო უფრო სხვანაირი, მაგრამ არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა. ეს არის დემოკრატიული პროცესის თანმდევი მეორე ტური. წარმოიდგინეთ, იმ ცხრა წლის განმავლობაში რამდენი არჩევნები ჩატარდა და მეორე ტური თუ გახსოვთ სადმე. მეორე ტური კი არა, 100% ფიქრობდნენ, რომ  ყველგან გაიმარჯვენდნენ. ცხრა წლის განმავლობაში იყო გაყალბებული არჩევნები, იყო დაშინება, იყო ძალადობა, იყო ყველანაირი უბედურება. დღეს არის მეორე ტური, არჩევნები მოიგო სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებას ვიზეიმებთ”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, შეცდომების გაანალიზების შემდეგ, „ქართული ოცნება“ მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

„საპრეზიდენტო არჩევნებში სვანეთში დაახლოებით 57% მივიღეთ, არც გამკვირვებია, პირიქით გამიკვირდა, რომ მეტი ვერ მივიღეთ, რამეთუ სვანეთს ძალიან მწარედ გვახსოვს წინა ხელისუფლების ცხრა წელი, რომელზეც გვეუბნებიან, რომ უნდა დავივიწყოთ. მინდა, თქვენ დაგისვათ კითხვა, შაჰ-აბასი დავივიწყოთ? რამდენი საუკუნის წინ იყო, მაგრამ გვახსოვს ხო? როგორ შეიძლება ამის დავიწყება, ამ ცხრა წელს პასუხი გასცა მოსახლეობამ სვანეთში და საქართველოშიც. სვანეთს მწარედ ახსოვს ის სპეცოპერაციები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ატარებდა”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

დეპუტატმა კანაფის კულტივაციის კანონპროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტს მხარს არ უჭერს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლება მოსახლეობის აზრს გაიზიარებს და ეს კანონპროექტი იქნება გაწვეული”, – განაცხადა ჯაფარიძემ.