ვიქტორ დოლიძემ ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან შეხვედრაზე კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს წარმატებულ ნაბიჯებზე ისაუბრა
ვიქტორ დოლიძემ ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან შეხვედრაზე კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს წარმატებულ ნაბიჯებზე ისაუბრა

ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტის მოწვევით გაიმართა ვირტუალური არაფორმალური დიალოგი ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, მიშელ ბაშელესთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა.

უწყების ცნობით, დიალოგის მთავარ თემას წარმოადგენდა წევრ სახელმწიფოებში COVID-19-თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და მსოფლიო მასშტაბით მისი გავლენა ადამიანის უფლებათა სფეროზე.

ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს და ყურადღება გაამახვილა არსებულ რთულ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე. მან ასევე ისაუბრა მსოფლიოში პანდემიის გავლენაზე როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში. აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. მისი თქმით, ამჟამად მსოფლიოს ორ მთავარ ამოცანას წარმოადგენს პანდემიის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი ზომების მიღება და შემდგომი პერიოდისთვის შესაბამისი მომზადება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ. მან დეტალურად მიმოიხილა კორონავირუსითან ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტური ქმედებები. მისი თქმით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ევროპულ რეგიონში პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და მზადაა თავისი გამოცდილება გაუზიაროს პარტნიორ ქვეყნებს.

„მივესალმებით გაერო-ს ძალისხმევას დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს COVID-19-თან ბრძოლაში. საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა შასაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან” – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ დროულად მიიღო პანდემიის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, სასწავლო პროცესის შეჩერება, დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადასვლა, ნაწილობრივი შეზღუდვის დაწესება სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლაზე, კარანტინისა და თვითიზოლაციის დამკვიდრება, მრავალრიცხოვანი ღონისძიებების გაუქმება და ა.შ.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, ქვეყნის ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს დგამს პანდემიის შემდგომი ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით, განსაკუთრებით ქვეყნის მომავალი ეკონომიკური და ფინანსური გაჯანსაღების მიზნით. იგი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებთან და გლობალურ ფონდებთან. ამ მხრივ, ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს მყისიერი და მნიშვნლოვანი დახმარებისთვის.

საკუთარ გამოსვლაში მუდმივმა წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არსებულ რთულ პირობებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხზე და იქ არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ რეგიონებში გამუდმებით მიმდინარეობს მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გადაადგილების უფლების დარღვევა და აუცილებელია ამგვარ ქმედებებზე მყისიერი რეაგირება. ამ თვალსაზრისით მან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს ხელისუფლებასა და ადგილზე გაერო-ს წარმომადგენლობას შორის კოორდინირებულ თანამშრომლობას.

აღსანიშნავია, რომ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში სიტყვით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გიამართა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.