ვიქტორ დოლიძე - უნდა აღინიშნოს, რამდენად მნიშვნელოვანია იენს სტოლტენბერგისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ინტენსივობა, რომ ჩათვალა, საქართველოს პრემიერს შეხვედროდა პირად რეზიდენციაში
უნდა აღინიშნოს, რამდენად მნიშვნელოვანია იენს სტოლტენბერგისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ინტენსივობა, რომ ჩათვალა, საქართველოს პრემიერს შეხვედროდა პირად რეზიდენციაში, – განაცხადა ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ.
დოლიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მადრიდის სამიტამდე პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით გავაძლიეროთ თანამშრომლობა და მისი თქმით, საქართველო კიდევ უფრო მეტ დახმარებას მიიღებს ამ თვალსაზრისით.
„ასევე აღსანიშნავია და ჩემი აზრით, ერთგვარად სიმბოლურიცაა, რომ ფინელებმა და შვედებმა დღეს გადასცეს აპლიკაცია; სულ ორი შეხვედრა ჰქონდა დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს – სწორედ ამ მიზეზის გამო და ასევე, მეორე შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოჯანმრთელება ცოტა რთულად მიმდინარეობს და კოვიდის შემდგომ, რაღაც პერიოდი დასჭირდა; ალბათ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან მისი თანამშრომლობის ინტენსივობა და რამდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა, რომ შეხვედროდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირადად, თავის პირად რეზიდენციაში. ამიტომ, ნებისმიერი სხვა სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არ არის ყურადღებამისაქცევი“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა.