ვიქტორ დოლიძე - საქართველო ნატო-ს პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულია, მომავალი წლის სამიტი მადრიდში ნატო-სთან ჩვენი მომავალი თანამშრომლობის ქვაკუთხედი იქნება
ვიქტორ დოლიძე - საქართველო ნატო-ს პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულია, მომავალი წლის სამიტი მადრიდში ნატო-სთან ჩვენი მომავალი თანამშრომლობის ქვაკუთხედი იქნება

საქართველო ნატო-ს პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულია, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი წლის სამიტი მადრიდში ნატო-სთან საქართველოს მომავალი თანამშრომლობის ქვაკუთხედი იქნება.

„შიდა პოლიტიკის თემები ყოველთვის ჟღერდება პარტნიორებთან ურთიერთობისას მით უმეტეს, ასპირანტ ქვეყნებთან მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე ჩვენი ურთიერთობების დასასრულ აკორდზე ვართ გადასული იმ თვალსაზრისით, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ჩვენი გაწევრიანება ნატო-ში და ამას თან სდევს დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის მომავალი წლის სამიტი მადრიდში, რომელიც ნატო-სთან ჩვენი მომავალი თანამშრომლობის ქვაკუთხედი იქნება.

გამომდინარე იქიდან, რომ ახალი სტრატეგიული კონცეფცია იქნება მიღებული, სადაც ღია კარის პოლიტიკა დაფიქსირდება. ასევე აღნიშნული იქნება ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებები და ის რეკომენდაციები, რომელიც მინისტერიალზე მინისტრებმა შეიმუშავეს, მათ შორის დემოკრატიის უზრუნველყოფისა და რეფორმების გატარების თვალსაზრისით. საქართველო ერთგულია ამ პრინციპების, ერთგულია ნატო-ს ღირებულებების, ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ და ამას არასდროს გადავუხვევთ. უნდა გავაძლიეროთ რეფორმები და წინსვლა. იქ, სადაც არის პრობლემები, უნდა მოგვარდეს, სადაც არის უფრო მეტი ინტენსივობით გადასადგმელი ნაბიჯები, მეტი ინტენსივობით უნდა გადაიდგას. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც ჩვენი ნატოელი კოლეგები, რომ საქართველო დიახაც, ამ თვალსაზრისით ფლაგმანს წარმოადგენს და ჩვენ წინ თუ არა, უკან არავითარ შემთხვევაში აღარ წავალთ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.