ვიქტორ დოლიძე - რიგის მინისტერიალზე მაქსიმალური ფოკუსირება მოხდა საქართველოზე და მის მხარდაჭერაზე
ნატო-ში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის შეფასებით, რიგაში გამართული ნატო-ს მინისტერიალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის.
დოლიძის თქმით, საბჭოზე ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ღია კარის პოლიტიკა და ალიანსში გაწევრიანების კონტექსტში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულება. მისი შეფასებით, მინისტერიალი მნიშვნელოვანი იყო ნატოს 2022 წლის მადრიდის სამიტის კონტექსტში, სადაც მოხდება ალიანსის მომდევნო ათი წლის სტრატეგიული ხედვის დამტკიცება.
ვიქტორ დოლიძის თქმით, მინისტერიალზე საქართველო რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიწვია მადრიდის სამიტზე, რაც მინისტერიალის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია და ასახავს იმ თანმიმდევრულ მუშაობას, რასაც საქართველო ეწევა ალიანსის 2030 წლის სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობის თვალსაზრისით.
როგორც ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რიგის მინისტერიალზე მიღებულ იქნა ასპირანტებთან დაკავშირებული დოკუმენტი, სადაც ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერაა ასახული საქართველოს მომავალი წევრობისა და ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით და ასევე დოკუმენტი მოიცავს პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებს, რაც ნატოსთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთთავსებადობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
„ამ მინისტერიალზე, ისე როგორც არასდროს, მოხდა ფოკუსირება ჩვენ ქვეყანაზე და მის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.