ვიქტორ დოლიძე - პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკის რეზოლუციის მიღება დიპლომატებსაც ​გვიმაგრებს ზურგს პარტნიორებთან მუშაობის თვალსაზრისით
ვიქტორ დოლიძე - პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკის რეზოლუციის მიღება დიპლომატებსაც ​გვიმაგრებს ზურგს პარტნიორებთან მუშაობის თვალსაზრისით

მაქსიმალურად უნდა ჩავაქსოვოთ ძალისხმევა, რათა ნატო-ში ჩვენი წევრობის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ იქნას მიღებული, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანი და სიმბოლურია.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა და ძალიან სიმბოლურიც არის, როდესაც პარლამენტი მუშაობისა და საქმიანობის დაწყებისთანავე იღებს ამგვარ გზავნილებს, ამგვარ მესიჯებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და არამხოლოდ. თქვენ ალბათ გახსოვთ არამხოლოდ მეათე, არამედ მერვე, მეცხრე მოწვევის პარლამენტმაც საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია ამ მიმართულებით და მინდა, გითხრათ, რომ ამგვარი მოქმედებები ჩვენც, დიპლომატებსაც ყოველთვის ​გვიმაგრებს ზურგს პარტნიორებთან მუშაობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის მიღება ქართველ დიპლომატებსაც ეხმარება მუშაობაში.

„საქართველო ახლა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ეტაპს ადგას ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით და ამგვარი საპარლამენტო რეზოლუციის მიღება, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ითვალისწინებს ქვეყნის საქმიანობის უმთავრეს საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტებს, რა თქმა უნდა, ძალიან გვეხმარება და ვფიქრობ, საქმიანობაშიც მეტად მნიშვნელოვანია. ასევე, კარგი იყო ის, რომ პრემიერმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა თავისი დამოკიდებულება აღნიშნული განცხადების მიმართ და ბუნებრივია, ესეც იყო მთავრობის მხრიდან ერთგვარი გზავნილი მომავალი საქმიანობის პრიორიტეტების თაობაზე. ჩვენ გველოდება საკმაოდ საინტერესო ოთხი წელი, მანამდე კიდევ ორი წლის განმავლობაში, როგორც მინისტერიალების, ასევე სამიტის დონეზე, უმაღლეს დონეზე იქნება შეხვედრები ნატო-ში. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ჩავაქსოვოთ ძალისხმევა, რათა ჩვენი წევრობის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ იქნას მიღებული. თქვენ იცით, რომ საქართველოს ამისათვის ყველა ინსტრუმენტი გააჩნია, მაგრამ ახლა ჯერი არის სწორედ ჩვენი ნატოელი მოკავშირეების მხარეს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მაქსიმალური ძალისხმევა, როგორც ქვეყნის, ჩვენი სექტორული რეფორმებისა და თავსებადობის თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა 25 დეკემბერს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია მიიღო.