იანვარი ძალიან დატვირთული გვექნება, ნატო-ელ პარტნიორებთან შეხვედრებს ვმართავთ უკრაინელებთან კოორდინირებულ რეჟიმში, რათა მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ, ჩვენ ახლა ერთ ნავში ვსხედვართ, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
დოლიძის თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გუშინ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომელსაც რუსეთმაც მოაწერა ხელი და არ ასრულებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი კვირა გვაქვს წინ. მომავალი კვირის განმავლობაში იმართება კონსულტაციები სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ფორმატებში, როგორც ნატო-ს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რუსეთის ფედერაციასთან იმ დესტრუქციული და საფრთხის შემცველი ნაბიჯების თაობაზე, რომელსაც რუსეთი უქმნის, როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. სწორედ ეს გზავნილები გაისმა გუშინ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება საერთაშორისო წესრიგი, საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის ნორმები, რომელსაც რუსეთმაც მოაწერა ხელი და თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ შეასრულოს და სამწუხაროდ, არ სრულდება.
როგორც სტოლტენბერგის, ასევე ბლინკენის გუშინდელი განცხადებები შეეხებოდა იმას, რომ ნატო არ შეჭრილა საქართველოსა და უკრაინაში – რუსეთი შეიჭრა; ნატო-ს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლით აღებული ვალდებულებები – რუსეთმა დაარღვია და მხოლოდ და მხოლოდ რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამგვარ ქმედებებზე; ითქვა, რომ არანაირ გადახედვას არ დაექვემდებარება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, სუვერენული ქვეყნების გადასაწყვეტი იქნება, მომავალში რომელ უსაფრთხოების კავშირს შეუერთდებიან – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები“, – განაცხადა დოლიძემ.
ვიქტორ დოლიძის თქმით, გასულ კვირაში კონსულტაციები ჰქონდათ ნატო-ელ პარტნიორებთან, რაც ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა გუშინდელ ბრიფინგზე.
„მე მქონდა პირადად შეხვედრა „ბუქარესტ ცხრიანის“ ფორმატის ფარგლებში, მასში ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნები შედიან – ბულგარეთი, რუმინეთი, ვიშეგრადის ოთხეული და ბალტიის ქვეყნები, სადაც მივაწოდეთ ინფორმაცია მინისტერიალამდე, თუ რა იყო ჩვენი ინტერესი. უპირველესად, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ურყევი დაცვა და სუვერენიტეტი; ამავე დროს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების ერთგულება. არა მხოლოდ ამ ცხრიანს, არამედ სხვა ელჩებსაც, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და სხვები, კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დაუყენებიათ ის საკითხი, გადაიხედება თუ არა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი.
როგორც აღვნიშნე, მომავალი კვირა იქნება მნიშვნელოვანი – ჩვენ ორშაბათს გვექნება ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი კულება დაესწრება; უკვე ოთხშაბათს გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭო, რისთვისაც ემზადებიან მოკავშირეები და მახარებს საგარეო საქმეთა მინისტრების ამგვარი განწყობა, გამომდინარე იქიდან, რომ პოზიციები ურყევია, არის ძალიან მტკიცე და ვაგრძელებთ სწორედ იმ გზას, რომელსაც დავადექით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე. ამავე დროს, როგორც იცით, ეუთო-ში გაიმართება შეხვედრა განიარაღების საკითხებზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, როგორც კონვენციური იარაღის, ასევე ბირთვული იარაღის განლაგების თვალსაზრისით“, – განაცხადა დოლიძემ.
ამასთან, შეკითხვაზე, რა მოლოდინებია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით, რუსეთის მუქარის შემცველი გზავნილების ფონზე და რამდენად არის მოსალოდნელი, რომ რუსეთმა საკუთარ პოლიტიკაზე უარი თქვას, დოლიძემ აღნიშნა: „მოდით, ვიყოთ რეალისტები. ნამდვილად არ მაქვს იმის იმედი, რომ ამ პირველი შეხვედრიდან რაღაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდება და რუსეთი დათანხმდება, რომ უკან წაიღოს თავისი სიტყვა, ის დოკუმენტი, რომელიც გადასცა ამერიკელ და ნატო-ელ პარტნიორებს განსახილველად, ვთქვათ, აიღოს მოლაპარაკების მაგიდიდან. ეს არის პირველი შეხვედრა; კარგა ხანია, ნატო-რუსეთის საბჭო არ გამართულა, განსაკუთრებით უკრაინაში შეჭრის პერიოდის შემდგომ; ამიტომ ეს იქნება ერთგვარი საწყისი ეტაპი, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, ყველა ნატო-ელი მოკავშირე, ყველა ქვეყანა, ისევე როგორც გენერალური მდივანი და საერთაშორისო წარმომადგენლობა, რომელიც აქ არსებობს, ერთხმად ძალიან მტკიცე პოზიციაზე თანხმდება, რომ არანაირ გადახედვას უკვე არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, რომელსაც რუსეთმაც მოაწერა თავის დროზე ხელი და აიღო ვალდებულება, გადახედვას არ საჭიროებს, არ მოხდება. ისევე, როგორც ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესვლის თაობაზე არ გადაიხედება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
დოლიძის თქმით, გრძელდება კონსულტაციები საქართველოს უმაღლესი დონის წარმომადგენლებთან.
„იანვარი ძალიან დატვირთული გვექნება; მოსალოდნელია, როგორც შეხვედრები, ასევე ვიზიტები, სატელეფონო საუბრები. ბრიუსელში ჩვენი მისია ვაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა დელეგაციასთან. გასული კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ არდადეგებია, ნატო-ს პრაქტიკულად არ დაუსვენია; უმთავრესი საკითხი იყო სწორედ რუსეთი, უმთავრესი საკითხი იყო სწორედ კონსულტაციების გამართვა და ბოლოს, არ შეიძლება, არ აღვნიშნო უკრაინელებთან ჩვენი კოორდინირებული რეჟიმი; ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ნებისმიერ ნაბიჯს, ისევე, როგორც უკრაინელები, ასევე ჩვენ, საქართველოს დელეგაცია, ვდგამთ ერთმანეთთან კოორდინაციაში, რათა უფრო მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ. ჩვენ ახლა ერთ ნავში ვსხედვართ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერთმანეთის გარეშე რაღაც გაუგებრობები არ წარმოიშვას. ამიტომ ეს შეხვედრები გაგრძელდება, ნატო-უკრაინის საბჭოს შემდგომ მე ვხვდები ბუნებრივია უკრაინად ელჩს, მომავალ კვირაში ასევე დაგეგმილია თავდაცვის ძალების ხელმძღვანელების შეხვედრა, სადაც გიორგი მათიაშვილი, ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაური ჩამობრძანდება და ამ ფორმატსაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ. 26-ში არის დაგეგმილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც საქართველოს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს ველოდებით, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, სადაც წლიურ სამოქმედო გეგმას გადავხედავთ და შევაფასებთ; ასევე, უსაფრთხოების თემებსაც დაუკავშირდება ეს შეხვედრა“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.