ვიქტორ დოლიძე - ძალიან დროულია საქართველოს პრემიერისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა, გამომდინარე ფონიდან, რუსეთის დესტრუქციული ქმედებებიდან და განცხადებებიდან
ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ძალიან დროულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. ვიქტორ დოლიძის თქმით, შეხვედრა იმართება რუსეთის დესტრუქციული ქმედებებისა და განცხადებების ფონზე.
„ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია ეს შეხვედრა, გამომდინარე ფონიდან, რუსეთის დესტრუქციული ქმედებებიდან და განცხადებებიდან, რასაც ხედავთ. მთლიანად ალიანსის წევრები, გენერალური მდივნიდან დაწყებული, 30-ვე წევრი ქვეყნის ლიდერებით დამთავრებული, ერთმნიშვნელოვნად და ერთხმად მხარს უჭერენ იმას, რომ საქართველომ და უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელ ალიანსს შეურთდებიან, არც ერთ მესამე მხარეს არ ექნება იმის საშუალება, რომ ვეტო დაადოს ამ გადაწყვეტილებას; ამავე დროს, ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე და მის განვითარებაზე იქნება საუბარი, რომელიც აისახება მადრიდის სამიტის მომზადებაში.
წინ გვაქვს როგორც თავდაცვის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტერიალები. ახლა გავიარეთ რიგის მინისტერიალი ძალიან წარმატებით და შავი ზღვის უსაფრთხოების თემა ასევე ძალიან მნიშვნელოვნად იქნება წამოწეული პრემიერისგან“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.