ვიქტორ დოლიძე - დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ილია დარჩიაშვილის ვიზიტს ნატო-ში, სიმბოლურია, რომ საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი პირველად სწორედ ნატო-ს მინისტერიალზე წარდგება კოლეგების წინაშე
ვიქტორ დოლიძე - დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ილია დარჩიაშვილის ვიზიტს ნატო-ში, სიმბოლურია, რომ საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი პირველად სწორედ ნატო-ს მინისტერიალზე წარდგება კოლეგების წინაშე

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ილია დარჩიაშვილის ვიზიტს ნატო-ში, სიმბოლურია, რომ საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი პირველად სწორედ ნატო-ს მინისტერიალზე წარდგება კოლეგების წინაშე, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დოლიძის თქმით, საქართველომ ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მიიღო თავდაცვის მინისტერიალში, ამჯერად კი, საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

„როგორც ყველა ვაკვირდებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ყველგან არის საქართველო. რაც შეეხება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, თანამშრომლობას, საქართველო არის ნატო-ს ძალიან მჭიდრო, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მინისტერიალებში ვღებულობთ მონაწილეობას. მანამდე იყო თავდაცვის მინისტერიალი, ახლა საგარეო საქმეთა მინისტერიალი. სიმბოლურია, ჩემი აზრით, როდესაც ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ამპლუაში პირველად სწორედ ნატო-ს მინისტერიალზე წარდგება საკუთარ კოლეგებთან გასაცნობად და აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ილია დარჩიაშვილის ამ ვიზიტს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

დოლიძის თქმით, საქართველო თვისობრივად ახალ ეტაპზეა ნატო-სთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის კუთხით.

„იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში ამგვარი მოვლენები მიმდინარეობს, ასეთი დაძაბულია რეგიონული კონტექსტია და ასეთ გლობალურ საფრთხეებთან, გამოწვევებთან გვიწევს ყველას გაბრძოლება, საქართველოს ამგვარი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ სამიტმა უმაღლეს დონეზე დაავალა მინისტრებს, რათა სამი ძირითადი თემა გამოეყოთ – პირველი იყო უკრაინის დახმარება, მეორე აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება და მესამე პარტნიორ ქვეყნებთან და ძირითადად ასპირანტ ქვეყნებთან გასაწევ დახმარებაზე მსჯელობა. ბუნებრივია, გაიმართება მსჯელობა ამ მინისტერიალის ფარგლებში და გაგრძელდება, როგორც პროცესი.

ჩვენ ვართ თვისობრივად ახალ ეტაპზე ნატო-სთან თანამშრომლობის და ურთიერთობის, ვართ უახლოესი პარტნიორი, რომელსაც ძალიან სერიოზული კონტრიბუცია აქვს შეტანილი და არა მხოლოდ მომხმარებელია საერთაშორისო უსაფრთხოების; ამიტომ ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ ნატო-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. იცით, ჩვენი პოლიტიკური მთავარი გადაწყვეტილება რაც არის ქვეყნისთვის და საით მიისწრაფის; ამავე დროს, ჩვენ ჩვენ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც ვდგამთ, ისევე, როგორც ნატოელი პარტნიორები ცდილობენ, დაეხმარონ რისკის ქვეშ მყოფ ასპირანტ ქვეყნებს; ასე რომ, ეს არის მთავარი თემა, რომელიც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში განიხილება“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირსა და ნატო-ს 6-8 აპრილს ეწვევა.