ვიქტორ ბოშტინარუ ქართველი ოპოზიციონერების კრიტიკაზე - ვისაც არ აქვს უფლება, მისგან მითითებას ვერ მივიღებ
ვისაც არ აქვს უფლება, მისგან მითითებას ვერ მივიღებ, – ასე პასუხობს რუმინელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის წევრი ვიქტორ ბოშტინარუ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან მის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
„ძალიან მკაფიოდ მინდა, ვთქვა, რომ ვერ მივიღებ გაკვეთილებს მათგან, ვისაც ვფიქრობ, რომ არ აქვს უფლება მასწავლოს და მითითებები მომცეს. მეორე, არ მინდა ახლა დეტალებზე ვილაპარაკო იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებდი წარსულში, რას ვაკეთებდი რუმინული რევოლუციის წინ, რუმინული რევოლუციის დროს ან როგორ ვიდევნებოდი იმ რეჟიმის დროს. ეს არ არის ის ადგილი, სადაც ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ და მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს საქართველო და არ მსურს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩავერთო.
უბრალოდ, ვამბობ, რომ კანდიდატი უნდა იყოს თავისუფალი და ისაუბროს თავისუფლად და სამართლიანად წარსულის შესახებ, ვინაიდან ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, იყარონ კენჭი არჩევნებში და ითხოვენ ამომრჩევლის ხმებს. ქართველმა ხალხმა გადაიხადა ძალიან დიდი ფასი და გაიღო მსხვერპლი საკუთარი დამოუკიდებლობისთვის. ქართველი ხალხი, ვინც ნახა და მომსწრეა ორი ისტორიული რეგიონისა და საკუთარი ტერიტორიის დაკარგვის, უფლება აქვს, იცოდეს სიმართლე და ჰკითხოს კანდიდატს, სიმართლეს ამბობს თუ არა, იქნება თუ არა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტია. ეს არის ის, რასაც მე ყველა პოლიტიკოსს ვეკითხები“, – განაცხადა ბოშტინარუმ პირველ არხთან საუბრისას.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა რუმინელი პოლიტიკოსის ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რუმინელი კომუნისტები, თუნდაც ყოფილები, ვერ გადაწყვეტენ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.