ვიოლა ფონ კრამონი - უკრაინის მიმართ დიდ სოლიდარობას ვხედავთ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში შესაბამისი ნაბიჯები არ გადაგვიდგამს, ეს იყო მთავარი შეცდომა
ვიოლა ფონ კრამონი - უკრაინის მიმართ დიდ სოლიდარობას ვხედავთ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში შესაბამისი ნაბიჯები არ გადაგვიდგამს, ეს იყო მთავარი შეცდომა

საქართველოში არსებული მდგომარეობა გვახსენებს, რომ დიდი შეცდომა იყო, როდესაც არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, სადაც თბილისის საერთაშორისო კონფერენციის, „პუტინიზმის დამარცხება“ მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა.

„ჩვენ აქ პირველად არ ვართ. მე ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ადრეც ვიმყოფებოდი ბევრჯერ, ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდეც, მაგრამ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა და იმის ნახვა, რაც ხდება. ცხადია, არის იმედგამაცრუებელი ჩვენთვის, რადგან ვხედავთ, რომ ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებას ამ დრომდე ნულოვანი შედეგი აქვს. ჩვენ გვესმის, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური განვითარება თბილისში მიუთითებს რუსეთთან დაახლოების მცდელობაზე, აქ, საოკუპაციო ხაზთან სიტუაცია მაინც არ იცვლება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის პრიორიტეტული საკითხი ჩვენთვის ევროპარლამენტში, ევროკავშირის ინსტიტუტებში. საქართველოში არსებული მდგომარეობა გვახსენებს, რომ დიდი შეცდომა იყო, როდესაც არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ უკრაინის მიმართ დიდ სოლიდარობას ვხედავთ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, უკრაინისგან განსხვავებით, შესაბამისი ნაბიჯები არ გადაგვიდგამს. ასე რომ, ეს იყო მთავარი შეცდომა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციის, „პუტინიზმის დამარცხება“ მონაწილეები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ. საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია სტუმრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თბილისში ხვალიდან იწყება. კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ. მასში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები მონაწილეობენ.