ვიოლა ფონ კრამონი - რა თქმა უნდა, ამნისტიის კანონში ორივე მხარისთვის მიუღებელი პუნქტებიც იქნება, თუმცა სწორედ ეს არის კომპრომისის იდეა
ვიოლა ფონ კრამონი - რა თქმა უნდა, ამნისტიის კანონში ორივე მხარისთვის მიუღებელი პუნქტებიც იქნება, თუმცა სწორედ ეს არის კომპრომისის იდეა

ამნისტიის კანონში, რა თქმა უნდა, აღმოჩნდება პუნქტები, რომლებიც მიუღებელი იქნება ორივე მხარისთვის, თუმცა სწორედ ეს არის კომპრომისის იდეა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი იმედოვნებს, რომ მხარეები საკითხის მოსაგვარებლად გზას მოძებნიან. 

„იმედი მაქვს, მხარეები ამ საკითხის მოსაგვარებელ გზას მიაგნებენ. რთულია, დაზარალებულებს მოსთხოვო, დათანხმდნენ ამნისტიის კანონს. მე არ ვარ იურიდიული ექსპერტი და არ მინდა, კანონის სიღრმისეულ განხილვაში შესვლა. თუმცა, საღი აზრის ფარგლებში წარმომიდგენია, რომ ამნისტიის კანონი მხოლოდ მაშინ არის გონივრული, თუ არსებობს საშუალება, ადამიანი შეიწყალო ყველა დაზარალებულთან შეთანხმების გარეშე, თუმცა ექსპერტი არ გახლავართ და არ მინდა, ჩავერიო კანონშემოქმედით საქმიანობაში“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, საკითხზე საუბრისას ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ აღნიშნული რეფორმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს. მისივე თქმით, საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმაც ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით უნდა ჩატარდეს.

„მივიჩნევ, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს. მოსამართლეთა დანიშვნა არის ფართო რეფორმის ნაწილი. მთელი სისტემა საჭიროებს რეფორმას და მისი გადახედვა, გადასინჯვაა საჭირო. საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმაც უნდა ჩატარდეს ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.