ვიოლა ფონ კრამონი - ნამდვილად სასწაული იქნება, რუსეთმა არჩევნებში ჩარევა რომ არ სცადოს, რადგან ამას აკეთებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან
ვიოლა ფონ კრამონი - ნამდვილად სასწაული იქნება, რუსეთმა არჩევნებში ჩარევა რომ არ სცადოს, რადგან ამას აკეთებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან

ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიური პარტნიორები, როდესაც საქმე ეხება კიბერუსაფრთხოებას, ეს აღიარებულია ევროკომისიის მიერ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

„ნამდვილად სასწაული იქნება, რუსეთმა რომ არ სცადოს ამ არჩევნებში ჩარევა, რადგან ეს მათი ჩვეულებრივი ქცევაა. ამას აკეთებენ ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან. ბატონმა მაკენზიმ სწორედ აღნიშნა, რომ არსებობს საქართველოში ბუნებრივი წინააღმდეგობა და გამძლეობა, ასევე პროფესიონალთა ჯგუფიც, რომელიც ამაზე მუშაობს. ეს მჭიდროდ უკავშირდება მედიას. დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც ფარდა აეხდება ამგვარ ნარატივებს, რომლებიც რუსეთიდან მოდის და არა მარტო რუსეთიდან, რადგან სხვადასხვაგვარ ჩარევებს ვხედავთ ხოლმე“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

მისივე თქმით, რუსულ ნარატივთან ბრძოლა, წინა წლებთან შედარებით, უფრო გართულდა.

„ექვსი წლის წინ უფრო მარტივი იყო, კრემლი აგზავნიდა ამ ყველაფერს და შემდეგ ამას იმეორებდნენ. ახლა უფრო გართულდა და დამძიმდა სიტუაცია, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ჩვენ და ხალხს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რადგან კიბერუსაფრთხოების თემა გაჟღერდა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შემდეგი წლების განმავლობაში. ამაში ინვესტირებას ვაპირებთ. ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიური პარტნიორები, როდესაც საქმე ეხება კიბერუსაფრთხოებას. ეს თემა აღიარებულია ევროკომისიის მიერ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

დატოვე კომენტარი