ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი - ძლიერი მთავრობა არ ნიშნავს ძალაუფლებას კონტროლის გარეშე, ამ ტენდენციების ხილვა საქართველოსა და უკრაინაში შემაშფოთებელია
ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი - ძლიერი მთავრობა არ ნიშნავს ძალაუფლებას კონტროლის გარეშე, ამ ტენდენციების ხილვა საქართველოსა და უკრაინაში შემაშფოთებელია

საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ვხედავდით რეფორმების ამბიციურ დასაწყისს, სხვადასხვა მიზეზით, თუმცა ერთნაირად, დღეს არ ვართ დარწმუნებულები, გაგრძელდება ეს რეფორმები თუ ყველაფერი დემოკრატიის უკუსვლით დასრულდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტში მწვანეების ჯგუფის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

„როდესაც „აღმოსავლეთ პარტნიორებს“ ვუყურებთ, ბევრი მათ თეთრად და შავად ხედავს, რეგიონში რუსეთის ქმედებების მხარდამჭერნი არიან თუ დასავლეთის. თუმცა, ეს შეკითხვა მცდარია. ამ ქვეყნების ლიდერებს არ უნდა სჯეროდეთ ჩვენი, მათ უნდა სჯეროდეთ საკუთარი სახელმწიფოების მომავლის. მოლდოვა, საქართველო, უკრაინა – სამივე კრიტიკულ გზაჯვარედინზე არიან. სამივე შემთხვევაში ჩვენ ვხედავდით რეფორმების ამბიციურ დასაწყისს. სხვადასხვა მიზეზით, თუმცა ერთნაირად, დღეს ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, გაგრძელდება ეს რეფორმები თუ ყველაფერი დემოკრატიის უკუსვლით დასრულდება“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა.

მისი თქმით, საქმე იმაში არ არის, შეუძლიათ თუ არა პოლიტიკოსებს დასავლური ღირებულებების შესახებ კარგი პრესრელიზების წერა.

„კითხვა მდგომარეობს იმაში – შეუძლიათ თუ არა მათ რეფორმების განხორციელება მათი საზოგადოებისთვის. ელოდებიან თუ არა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ჩვენგან მხარდაჭერას, მაშინ როდესაც სხვა მეზობლები მათი წარმატების წინააღმდეგ მუშაობენ? ამ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური წარმატება პუტინის უდიდესი მარცხი იქნება. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოსახლეობას სჭირდებოდა ჩვენი დახმარება ცვლილებებში, რასაც მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. მე ვიცი, თუ რისი ნახვა მინდა ამ ქვეყნებში. მე არ ვუჭერ მხარს რეფორმებს გეოპოლიტიკური ინტერესებისა და გერმანელი ავტომწარმოებლების ბიზნესინტერესების გათვალისწინებით, მე მხარს ვუჭერ ამ მტკივნეულ რეფორმებს, რადგან ამ ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობას სურს, იხილოს დემოკრატია, კეთილდღეობა, ეკონომიკა, რომელიც მუშაობს ხალხისთვის და არა რამდენიმე ოლიგარქისთვის, სახელმწიფო, რომელიც გამოხატავს მოქალაქეებისა და არა პოლიტიკოსების პირად ინტერესს. არსებითი ცვლილებისთვის ჩვენ გვჭირდება ძლიერი მმართველობა, თუმცა ძლიერი მთავრობა არ ნიშნავს აღმასრულებელი ძალაუფლების ქონას კონტროლის გარეშე. შემაშფოთებელია ამ ტენდენციების ხილვა საქართველოსა და უკრაინაში“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა.